ზელენსკი: პუტინისთვის გაკეთებული საჩუქრები ცივილიზებულ სამყაროს მშვიდობასა და სიკეთეს არ მოუტანს - რუსეთისთვის ნავთობპროდუქტების გაყიდვის უფლების მიცემა ომში ინვესტირებაა, რუსეთი მიწოდებულ დიზელს შემდგომი ტერორითა და ვერაგობით „დაგვიბრუნებს“
მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინისთვის რაიმე სახის „საჩუქრები“ ან დათმობები ცივილიზებულ სამყაროს მშვიდობასა და სარგებელს არ მოუტანს.
უკრაინის ლიდერის განცხადებით, რუსეთი ნავთობპროდუქტების გაყიდვიდან მიღებულ შემოსავალს და დიზელს შემდგომი ტერორისა და ვერაგობისთვის გამოიყენებს.
„პუტინისთვის გაკეთებული საჩუქრები ცივილიზებულ სამყაროს მშვიდობასა და სიკეთეს არ მოუტანს. რუსეთი მიწოდებულ დიზელს შემდგომი ტერორითა და ვერაგობით „დაგვიბრუნებს“. რუსეთისთვის ნავთობპროდუქტების გაყიდვის უფლების მიცემა ომში ინვესტირებაა, რომელიც უნდა დასრულდეს და არა გაგრძელდეს. აუცილებელია რუსეთთან ორმხრივ პრინციპებზე დამყარებული რეალური დეესკალაცია. ჩვენ ვეყრდნობით ამერიკის სამართლიან მხარდაჭერას სიცოცხლისა და უკრაინელი ხალხის დასაცავად, ასევე იმას, რომ შეერთებული შტატები რუსეთთან პრინციპულ და მკაცრ დიალოგს გამართავს. საუბარი ძლიერი უნდა იყოს და არა სუსტი“, - აღნიშნა მან.
მანამდე აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ტრამპის დავალებით, უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC) დაუყოვნებლივ გასცემს დროებით გენერალურ ლიცენზიას. აღნიშნული დოკუმენტი გლობალურ ბაზარზე რუსული დიზელის მიწოდებისა და ტრანსპორტირების საშუალებას იძლევა.





