The Telegraph: პუტინმა სერგეი სუროვიკინს - „გენერალ არმაგედონს“ კიევის ხიდების განადგურება დაავალა
მსოფლიო

სერგეი სუროვიკინი ვლადიმერ პუტინი
ფოტო: Getty Images
რუსეთი კიევზე და უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების გაძლიერებისთვის ემზადება, მათ შორის, შესაძლოა სამიზნე დნეპრზე მდებარე ხიდები გახდეს. The Telegraph-ის შეფასებით, კრემლი ბრძოლის ველზე შექმნილი სირთულეების ფონზე ზეწოლის გაძლიერებას უკრაინის ქალაქებზე ცდილობს.
ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, ამ სტრატეგიის განხორციელებაში შესაძლოა კვლავ იყოს ჩართული რუსი გენერალი სერგეი სუროვიკინი, რომელსაც „გენერალ არმაგედონს“ უწოდებენ. სუროვიკინი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამხედრო მეთაურია და მანამდე რუსეთის ძალებს სირიაშიც ხელმძღვანელობდა.
The Telegraph-ის თანახმად, კრემლის გათვლით, უკრაინის სამხედრო პოზიციებზე ზეწოლის პარალელურად, დარტყმების განხორციელების აქცენტი შესაძლოა ქვეყნის ქალაქებზე და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე გადავიდეს. მიზნად კი მოსახლეობაზე ზეწოლის გაძლიერება და ზამთრის პერიოდში ქვეყნის მდგრადობის შესუსტება სახელდება.
გამოცემა ყურადღებას ამახვილებს მდინარე დნეპრის გასწვრივ მდებარე კიევის ხიდების სტრატეგიულ მნიშვნელობაზე. ისინი უკრაინის დედაქალაქის მარცხენა და მარჯვენა სანაპიროებს აკავშირებენ და გადამწყვეტ როლს ასრულებენ როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო და სხვა სახის გადაადგილებაში.
ბოლო დღეებში რუსეთმა კიევის რამდენიმე ხიდზე იერიში მიიტანა. თავდასხმებმა სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხება და ქალაქის გარკვეულ ნაწილებში გადაადგილების პრობლემები გამოიწვია.
The Telegraph-ის შეფასებით, ხიდებზე დარტყმები შესაძლოა უფრო ფართო კამპანიის ნაწილი იყოს, რომლის მიზანიც უკრაინის დედაქალაქში კრიტიკული ინფრასტრუქტურის მუშაობის შეფერხებაა.
სერგეი სუროვიკინი რუსეთის არმიის ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ მეთაურად მიიჩნევა. ის 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის იანვრამდე უკრაინაში რუსეთის სამხედრო ძალებს ხელმძღვანელობდა.
მისი მეთაურობის პერიოდში რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ და სხვა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბური სარაკეტო დარტყმების კამპანია დაიწყო.
სუროვიკინს სწორედ ამ სტრატეგიასთან აკავშირებენ, რის გამოც მას „გენერალი არმაგედონი“ შეარქვეს.





