DW: გერმანიის საგარეო დაზვერვის ყოფილ ხელმძღვანელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
მსოფლიო

აუგუსტ ჰანინგი
ფოტო: Getty Images
ჯაშუშობისა და სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დაკავებულ გერმანიის საგარეო დაზვერვის სამსახურის (BND) ყოფილ ხელმძღვანელს აუგუსტ ჰანინგს სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას DW ავრცელებს.
ჰანინგი სასამართლოს წინაშე დღეს გერმანიის ქალაქ კარლსრუეში წარდგა. მოსამართლემ დაადგინა, რომ ჰანინგი სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე პატიმრობაში დარჩება.
როგორც DW იუწყება, ჰანინგის გარდა დაკავებულია მისი ადმინისტრაციის ყოფილი უფროსიც მანფრედ დ. მას საიდუმლო დოკუმენტების მოპარვასა და მათი ჰანინგისთვის გადაცემაში ადანაშაულებენ.
გამოძიების ინფორმაციით, ჰანინგი, რომელიც ამ პერიოდში კერძო სექტორში უსაფრთხოების საკითხების მრჩევლად მუშაობდა, მოპოვებულ საიდუმლო დოკუმენტებს, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის ჯერ კიდევ დაუდგენელ სადაზვერვო სამსახურს ან სამსახურებს გადასცემდა.
გამომძიებლების შეფასებით, 2010-2023 წლებში ჰანინგმა და მანფრედ დ.-მ შესაძლოა 2 000-ზე მეტი საიდუმლო დოკუმენტი მოიპარეს და უცხო ქვეყანას გადასცეს. ფედერალური გამომძიებლები ამ ეტაპზე ვერ ადგენენ, კონკრეტულად რა მოცულობის ინფორმაცია იქნა მოპარული და ვის გადაეცა ის.
აუგუსტ ჰანინგი გერმანიის საგარეო დაზვერვის სამსახურს 1998-2005 წლებში ხელმძღვანელობდა. ამის შემდეგ ის გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროში სახელმწიფო მდივნის თანამდებობას იკავებდა, მოგვიანებით კი კერძო სექტორში უსაფრთხოების საკითხების მრჩევლად გადავიდა.
სისხლის სამართლის აღნიშნულმა საქმემ გერმანიის სადაზვერვო სამსახურების მიმართ ნდობასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები გააჩინა, წერს DW.





