The Guardian: მარტა კოსის გეგმის თანახმად, ევროკავშირის ნებისმიერ ახალ წევრ ქვეყანას 15-წლიანი გამოსაცდელი ვადა დაუწესდება - ამ პერიოდში, ძირითადი დემოკრატიული ღირებულებების ან ევროკავშირისადმი ერთგულების დარღვევის შემთხვევაში, მათ შესაძლოა ჩამოერთვათ ხმის უფლება ან ევროკავშირის დაფინანსება
მსოფლიო

მარტა კოსი
EPA
ევროკომისიას სურს უზრუნველყოს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მომავალ თაობაში მეორე ვიქტორ ორბანი არ გამოჩნდეს - ევროკომისიამ წარადგინა გეგმები მომდევნო რამდენიმე წელიწადში აღმოსავლეთ ევროპაში ბლოკის გაფართოებისთვის მოსამზადებლად, - წერს ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი.
ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი გამოვიდა წინადადებით, შემოიღონ სპეციალური დამცავი მექანიზმები იმ ლიდერებისგან ბლოკის დასაცავად, რომლებმაც შესაძლოა ფეხქვეშ გათელონ დემოკრატიული ღირებულებები და მძევლად აქციონ გადაწყვეტილების მიღების პროცესი.
„არავითარი ვიქტორ ორბანი“, - განაცხადა კოსმა. - „ჩვენ გჭირდება უფრო სწრაფი მექანიზმები, ვიდრე მხოლოდ მე-7 მუხლია [სანქცია, რომელიც წევრი ქვეყნისთვის ხმის უფლების შეჩერების საშუალებას იძლევა], იმ შემთხვევისთვის, თუ ახალი წევრები კანონის უზენაესობას, დემოკრატიას ან ჩვენს ღირებულებებს გადაუხვევენ“.
მარტა კოსის მიერ გამოქვეყნებული გეგმის თანახმად, ევროკავშირის ნებისმიერ ახალ წევრ ქვეყანას 15-წლიანი გამოსაცდელი ვადა დაუწესდება. ამ პერიოდში, ძირითადი დემოკრატიული ღირებულებების დარღვევის ან ევროკავშირისადმი ერთგულების - გულწრფელი თანამშრომლობის პრინციპის - დარღვევის შემთხვევაში, მათ შესაძლოა ჩამოერთვათ ხმის უფლება ან ევროკავშირის დაფინანსება. აღნიშნულ გეგმას თანხმობა ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა მისცენ.
ახალი წინადადებების თანახმად, დემოკრატიული სტანდარტების დარღვევის გამო ხმის უფლების შეჩერების - ან სხვა სახის სასჯელის - ზღვარი უფრო დაბალი იქნება.
ევროკავშირის ოფიციალურმა პირმა განაცხადა: „ეს დიდი ინოვაციაა და მნიშვნელოვანი გზავნილი გაფართოებისადმი სკეპტიკურად განწყობილი ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი ჩარჩო იმ შემთხვევისთვისაც კი, თუ გაფართოების შემდეგ რაიმე არასწორად წავა“.





