პუტინი: დასანანია, რომ აშშ-ის "შავ სიაში" ვერ მოვხვდი
მსოფლიო
დასანანია, რომ აშშ-ის "შავ სიაში" ვერ მოვხვდი. ასე გამოეხმაურა რუსეთის პირველი პირი აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ "შავი სიის" გამოქვეყნებას. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ვლადიმერ პუტინმა "კრემლის ანგარიშს" "არამეგობრული აქტი" უწოდა და განმარტა, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის უკან რუსეთის რიგითი მოქალაქეები დგანან. კრემლის ლიდერი მიიჩნევს, რომ აშშ-ი ორი ქვეყნის ურთიერთობებს ზიანს აყენებს.
პუტინი აცხადებს, რომ რუსეთმა ეკონომიკისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე უნდა იზრუნოს. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს დიმიტრი პესკოვიც გამოეხმაურა და განმარტა, რომ ვაშინგტონმა "კრემლის ანგარიშის" ფიგურანტებს ფაქტობრივად აშშ-ის მტრები უწოდა.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ "შავი სიაში" სულ 210 რუსი ბიზნესმენი და პოლიტიკოსია.
"კრემლის ანგარიში", რომელსაც "კრემლის სიადაც" მოიხსენიებენ 2017 წლის აგვისტოში, აშშ-ის მიერ რუსეთის, ირანის და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების შესახებ მიღებული კანონის ნაწილია. ამ კანონის თანახმად, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო ვალდებული იყო 180 დღის განმავლობაში იმ ჩინოსნების, ოლიგარქების და სახელმწიფოსთან დაახლოებული კომპანიების სია წარმოედგინა, რომელთა წინააღმდეგ სანქციები უნდა მიეღოთ. ამ სიის შედგენის კრიტერიუმი გახლდათ: პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სიახლოვე და რუსეთის ეკონომიკაზე გავლენა. ჩინოსნების და ოლიგარქების სიის გამოქვეყნებული ნაწილის გარდა, არსებობს სიის დახურული ნაწილიც. აქ შედიან კომპანიები, რომლებშიც სახელმწიფოს წილი 25%-ზე მეტია, ასევე ფიზიკური პირები, რომლებიც არ არიან არც მაღალჩინოსნები და არც მსხვილი ბიზნესმენები.





