პუჩდემონი კატალონიის მთავრობის მეთაურის პოსტზე წარადგინეს
მსოფლიო

კარლს პუჩდემონი
ფოტო: shutterstock.com
კარლეს პუჩდემონი კატალონიის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე წარადგინეს. ამის შესახებ კატალონიის ახალარჩეული პარლამენტის თავმჯდომარემ როჟე ტორენმა საპარლამენტო პარტიების ლიდერებთან კონსულტაციების შემდეგ განაცხადა. ამის შესახებ Le Monde წერს.
ტორენმა ასევე განაცხადა,რომ უახლოეს პერიოდში მოლაპარაკებებს გამართავს როგორც ესპანეთის პრემიერის მარიანო რახოის წარმომადგენელთან, ასევე პუჩდემონთან.
კატალონიის მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე პუჩდემონის კანდიდატურას რეგიონული პარლამენტი 31 იანვარს უყრის კენჭს.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ესპანეთის პროკურატურის გაფრთხილების მიუხედავად, კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუჩდემონი ბელგიიდან დანიაში გაემგზავრა.
უფრო ადრე ესპანეთის პროკურატურამ სასამართლოს მიმართა და პუჩდემონის ბრიუსელიდან კოპენჰაგენში გადასვლის შემთხვევაში დაპატიმრების ევროპული ორდერის გაცემა მოითხოვა.
კატალონიის პარლამენტმა ესპანეთისგან რეგიონის დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ რეზოლუციას მხარი გასული წლის 27 ოქტომბერს დაუჭირა.





