ირანი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეში გამავალმა გემებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად
მსოფლიო

ფოტო: GettyImages
ირანმა გააფრთხილა ჰორმუზის სრუტეში გამავალი ყველა გემის მფლობელი და კაპიტანი, რომ სრუტეში შესვლამდე მათ უნდა გაიარონ რეგისტრაცია, მიიღონ ნებართვა და დააზღვიონ გემები. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
თეირანის მიერ ახლად შექმნილმა სპარსეთის ყურის სრუტის ადმინისტრაციამ (PGSA) პარასკევს განაცხადა, რომ ყველა გემმა უნდა დაიცვას მისი პირობები „კომერციული გემების უსაფრთხო გადაადგილების“ უზრუნველსაყოფად.
რეგისტრაცია და დაზღვევა უფასო იქნება 60-დღიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც გათვალისწინებულია აშშ-სა და ირანს შორის ამ კვირის დასაწყისში ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმით. თუმცა, ირანმა მიანიშნა, რომ ამ პერიოდის შემდეგ შესაძლოა მოსაკრებლები დააწესოს.
„60-დღიანი პერიოდის განმავლობაში უსაფრთხოების, დაცვისა და გარემოსდაცვითი მომსახურების ტარიფები, ისევე როგორც ირანული დაზღვევის ხარჯები, გემების მფლობელებისგან არ აიკრიფება და მას ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობა დაფარავს“, - ნათქვამია განცხადებაში.





