ჰაკან ფიდანი: ომი რაც შეიძლება, მალე უნდა დასრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში რეგიონში ომის შემდგომ გავრცელებას ვიხილავთ - სიტუაცია, შეიძლება, სრულიად უმართავი გახდეს
მსოფლიო

ჰაკან ფიდანი
ფოტო: Getty Images
თურქეთი შიშობს, რომ თუ შეერთებული შტატების, ისრაელისა და ირანის კონფლიქტის დიპლომატიური დარეგულირება სასწრაფოდ არ დაიწყება, ომი გაფართოვდება. განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა და აღნიშნა, რომ საბრძოლო მოქმედებები არა მხოლოდ რეგიონის ქვეყნებს უქმნის საფრთხეს, არამედ ზიანს აყენებს მსოფლიო ეკონომიკას.
„სამწუხაროდ, ჩვენი თავდაპირველი გაფრთხილებები და ანალიზი ომის დაწყებამდე რეალისტური აღმოჩნდა. თავიდანვე ვამბობდით, რომ ეს ომი, შეიძლება, კონტროლს აღარ დაექვემდებაროს. ომი რაც შეიძლება, მალე უნდა დასრულდეს და საჭიროა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება. წინააღმდეგ შემთხვევაში რეგიონში ომის შემდგომ გავრცელებას ვიხილავთ. ჩვენ ძალიან გვაშფოთებს ის, რომ თუ ირანზე თავდასხმები გაგრძელდება და ირანი, თავის მხრივ, მეზობელ ქვეყნებს დაარტყამს, სიტუაცია, შეიძლება, სრულიად უმართავი გახდეს. ამას აუცილებლად უნდა დაესვას წერტილი“, - განაცხადა ფიდანმა.





