პოლ მანაფორტი აშშ-ის სპეციალურ პროკურორს სასამართლოში უჩივის
მსოფლიო

პოლ მანაფორტი
დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი პოლ მანაფორტი აშშ-ის სპეციალურ პროკურორს რობერტ მიულერს, გენერალური პროკურორის მოადგილეს როდ როსენშტეინსა და იუსტიციის დეპარტამენტს უჩივის. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.
მანაფორტი სარჩელში აცხადებს, რომ იუსტიციის დეპარტამენტის, რობერტ მიულერისა და როდ როსენშტეინის ქმედებები "თვითნებური და უკანონოა." მანაფორტი მათ უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს.
პოლ მანაფორტმა სარჩელით აშშ-ის ფედერალურ სასამართლოს მიმართა.
დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსი პოლ მანაფორტი, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პროკურატურამ 12 ბრალდება წარუდგინა, არცერთს არ აღიარებს. მანაფორტს ფულის გათეთრების მიზნით, ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ შეთქმულებაში ადანაშაულებენ.
სასამართლომ მანაფორტს შინაპატიმრობა 30 ოქტომბერს მიუსაჯა. მას და მის საქმიან პარტნიორს, რიკ გეითსს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 80 და 70 წლამდე პატიმრობა, ასევე ფულადი ჯარიმა ემუქრებათ.
16 დეკემბერს მანაფორტს 10-მილიონიანი გირაოს სანაცვლოდ ფლორიდაში საკუთარ სახლში ცხოვრების უფლება მისცეს.
მილიარდერი პოლ მანაფორტი ტრამპის საარჩევნო შტაბს 2016 წლის ივნისიდან აგვისტომდე ხელმძღვანელობდა. ის გუნდიდან მას შემდეგ წავიდა, რაც გაირკვა, რომ უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან მუშაობდა და აშშ-ში უკრაინის „რეგიონების პარტიის“ ინტერესებს ლობირებდა. ის ასევე მუშაობდა რუს მილიარდერ ოლეგ დერიპასკასთან.





