POLITICO: „ტრამპი ცდება“ - ევროპელები აკრიტიკებენ აშშ-ის გადაწყვეტილებას რუსულ ნავთობზე სანქციების შემსუბუქების შესახებ
მსოფლიო

ფოტო: Reuters
პარასკევს ევროპელმა ლიდერებმა გააკრიტიკეს ტრამპის ადმინისტრაცია რუსულ ნავთობზე სანქციების დროებითი მოხსნის გამო - ეს გადაწყვეტილება ენერგიაზე მკვეთრად გაზრდილი ფასების შემცირებას ისახავს მიზნად, რაც ირანზე აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმების ფონზე მოხდა, - წერს გამოცემა POLITICO.
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და უკრაინის ლიდერმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერთხმად დაგმეს გადაწყვეტილება, რომელიც ზღვაში ბლოკირებული რუსული ნავთობის მიწოდებასა და გაყიდვას უშვებს.
აღნიშნული ნაბიჯი კრემლს საშუალებას მისცემს შეავსოს თავისი „ომის სალარო“ უკრაინაში მიმდინარე სრულმასშტაბური შეჭრის გასაგრძელებლად.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არასწორია“, - განაცხადა მერცმა. „ამჟამად არსებობს ფასის პრობლემა და არა მიწოდების. ამასთან დაკავშირებით, მსურს ვიცოდე, კიდევ რა სხვა ფაქტორებმა აიძულა აშშ-ის მთავრობა, მიეღო ეს გადაწყვეტილება“.
მერცმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა, მით უმეტეს, რომ „დიდი შვიდეულის“ (G7) სხვა წევრებმა ოთხშაბათს გამართული ერთობლივი ვიდეოზარის დროს ტრამპს მტკიცედ მოუწოდეს, არ შეემსუბუქებინა ზეწოლა მოსკოვზე.
„ჩვენ გვსურს დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი არ გამოიყენებს ირანის ომს უკრაინის დასასუსტებლად“, - განაცხადა მერცმა. „ასევე, ჩვენ არ მივცემთ მოსკოვს უფლებას, გამოსცადოს ნატო თავის აღმოსავლეთ ფლანგზე და აქ, ჩრდილოეთში“.
რუსეთზე ზეწოლის შემსუბუქებისკენ გადადგმულ ამერიკულ ნაბიჯს უკრაინის ხელმძღვანელობა გაღიზიანებით შეხვდა. პარასკევს, პარიზში გამოსვლისას, ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება „არც ისე ლოგიკურია“.
მაკრონმა ვაშინგტონის მიმართ გამოთქმული ეს უკმაყოფილება გაიზიარა და განაცხადა, რომ ფასების ზრდა „არ ნიშნავს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი სანქციების პოლიტიკა უნდა გადავხედოთ“.





