ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეში ორ გემზე მიიტანა იერიში
მსოფლიო

ფოტო: Royal Thai Navy
ირანის ნახევრად ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „ფარსის“ (Fars News Agency) ცნობით, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განცხადებაში აღნიშნა, რომ დღეს ჰორმუზის სრუტეში ორ გემს დაესხა თავს.
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ტაილანდის დროშის ქვეშ მცურავ მშრალი ტვირთის გადამზიდ გემს, სახელად Mayuree Naree-ს, ცეცხლი მას შემდეგ გაუხსნეს, რაც მან „გაფრთხილებები უგულებელყო და ჰორმუზის სრუტეში უკანონოდ გავლის მცდელობა განაგრძო“.
შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რომელსაც კვლავ „ფარსი“ ავრცელებს, დღეს დილით ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი კიდევ ერთი გემი, Express Rome, გახდა ირანული ჭურვების სამიზნე მას შემდეგ, რაც მან „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედრო-საზღვაო ძალების გაფრთხილებები არ გაითვალისწინა“.
ანალიტიკური პლატფორმა MarineTraffic-ის მონაცემები ადასტურებს, რომ ორივე გემი დღეს დილით ნამდვილად იმყოფებოდა ჰორმუზის სრუტეში.
დღეს დილით თეირანის „ხათამ ალ-ანბიას“ სამხედრო სარდლობის შტაბ-ბინის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ირანი „არასოდეს დაუშვებს ჰორმუზის სრუტეში თუნდაც ერთი ლიტრი ნავთობის გატარებას ამერიკის შეერთებული შტატების, სიონისტების ან მათი პარტნიორების სასარგებლოდ“.





