Reuters: ინდური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები მილიონობით ბარელ რუსულ ნედლ ნავთობს სასწრაფო შესყიდვის პირობით ყიდულობენ
მსოფლიო

ფოტო: Reuters
ინდური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები მილიონობით ბარელ რუსულ ნედლ ნავთობს სასწრაფო შესყიდვის პირობით ყიდულობენ. როგორც საკითხში ჩახედული ექვსი წყარო უცხადებს სააგენტო Reuters-ს, ინდოეთი ცდილობს თავი დააღწიოს ნავთობის მიწოდების დეფიციტს, რომელიც ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტმა გამოიწვია.
თვეების განმავლობაში აშშ ნიუ-დელისგან რუსული ნავთობის ყიდვისგან თავის შეკავებას მოითხოვდა, რადგან ვაშინგტონი ცდილობს შეამციროს მოსკოვის სამხედრო კამპანიისკენ მიმართული ფინანსური ნაკადები.
ინდოეთი მოწყვლადია ენერგომომარაგების შოკების მიმართ, რადგან მისი ნედლი ნავთობის მარაგები მოთხოვნას მხოლოდ დაახლოებით 25 დღისთვის აკმაყოფილებს. ინდოეთი ნავთობის იმპორტის დაახლოებით 40%-ს ახლო აღმოსავლეთიდან, ჰორმუზის სრუტის გავლით იღებს.
ჯერჯერობით გაურკვეველია, მისცა თუ არა შეერთებულმა შტატებმა ინდოეთს რუსული ნავთობის შესყიდვების გაზრდის უფლება, რათა ამ უკანასკნელმა ახლო აღმოსავლეთიდან მიწოდების შესაძლო დანაკარგები დააკომპენსიროს.
საკითხში უშუალოდ ჩართულმა წყარომ განაცხადა, რომ ინდოეთმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას მიმართა და ირანის კონფლიქტის გამო, რუსული ნედლი ნავთობის იმპორტის შესყიდვაზე თანხმობა სთხოვა.
ერთ-ერთი წყაროს განცხადებით, ინდოეთის სახელმწიფო ნავთობგადამამუშავებელმა ქარხნებმა ტრეიდერებისგან ამ დროისთვის უკვე შეიძინეს დაახლოებით 20 მილიონი ბარელი რუსული ნავთობი.





