მედია: ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ჰორმუზის სრუტეში გემების მოძრაობას კრძალავს
მსოფლიო

ფოტო: AFP
ევროკავშირის საზღვაო მისიის (Aspides) ოფიციალური პირის განცხადებით, ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ჰორმუზის სრუტეში მყოფ გემებს უკავშირდება და გადაადგილების აკრძალვის შესახებ აფრთხილებს.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, გემები VHF რადიოკავშირის საშუალებით იღებენ შეტყობინებას, რომლის მიხედვითაც: „არცერთ გემს არ აქვს ჰორმუზის სრუტის გავლის უფლება“.
ჰორმუზის სრუტე მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი ნავთობსატრანსპორტო არტერიაა. იგი აკავშირებს ყურის უმსხვილეს მწარმოებლებს - საუდის არაბეთს, ირანს, ერაყსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს - ომანის ყურესთან და არაბეთის ზღვასთან.
მიუხედავად რადიოშეტყობინებებისა, თეირანს ამ დრომდე ოფიციალურად არ დაუდასტურებია სრუტის ჩაკეტვის ბრძანება.
ჰორმუზის სრუტის შესაძლო ჩაკეტვა გლობალური ენერგეტიკული ბაზრისთვის უდიდესი დარტყმაა, რადგან სწორედ ამ გზით ხორციელდება მსოფლიო ნავთობის ექსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილი.





