ტრამპი კითხვაზე გამოიწვევს თუ არა აშშ-ის დარტყმა ირანში რეჟიმის შეცვლას: ეს არავინ იცის, შეიძლება ასეც მოხდეს და შეიძლება - არა
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
ფოტო: GettyImages
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პარასკევს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება იმის შესახებ, მიიტანს თუ არა იერიშს ირანზე. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Hill-ი ავრცელებს.
თუმცა, მან აღნიშნა, რომ უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ აწარმოებს თეირანი მოლაპარაკებებს აშშ-თან საკუთარი ბირთვული პროგრამის შესახებ.
„ჩვენ ჯერ არ მიგვიღია საბოლოო გადაწყვეტილება [დარტყმებთან დაკავშირებით]. ჩვენ არ ვართ კმაყოფილები იმით, თუ როგორ აწარმოებენ ისინი მოლაპარაკებებს. მათ არ შეიძლება ჰქონდეთ ბირთვული იარაღი. ჩვენ აღფრთოვანებულნი არ ვართ მათი მოლაპარაკების სტილით, ასე რომ, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
კითხვაზე, გამოიწვევს თუ არა აშშ-ის დარტყმა ირანში რეჟიმის შეცვლას, ტრამპმა უპასუხა, რომ მისთვის ამის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამთ.
„ეს არავინ იცის. შეიძლება ასეც მოხდეს და შეიძლება - არა. ჩვენ გვყავს საუკეთესო არმია მთელ მსოფლიოში, მასთან ახლოსაც ვერაფერი მოვა. ძალიან მინდა, რომ მისი გამოყენება არ დამჭირდეს, მაგრამ ზოგჯერ ეს აუცილებელია“, - განაცხადა მან.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ თეირანზე დარტყმის შემთხვევაში არსებობს ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთი გაჭიანურებული კონფლიქტის რისკი.
„ვფიქრობ, შეიძლება ითქვას, რომ რისკი ყოველთვის არსებობს. როდესაც ომია, ყველაფერში არის რისკი - როგორც კარგში, ასევე ცუდში“, - დასძინა მან.





