ვენსის განცხადებით, აშშ-მა იხილა მტკიცებულებები, რომ ირანი ბირთვული იარაღის აღდგენას ცდილობს
მსოფლიო

ჯეი დი ვენსი
ფოტო: GettyImages
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ აშშ ხედავს მტკიცებულებებს, რომ ირანი ბირთვული პროგრამის აღდგენას ცდილობს მას შემდეგ, რაც ივნისში ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშები განხორციელდა.
„პრინციპი ძალიან მარტივია: ირანს არ შეიძლება ჰქონდეს ბირთვული იარაღი“, - განუცხადა ვენსმა ჟურნალისტებს ჟენევაში აშშ-სა და ირანის დელეგაციებს შორის დაგეგმილ მოლაპარაკებებამდე ერთი დღით ადრე.
„თუ ისინი შეეცდებიან ბირთვული იარაღის აღდგენას, ეს ჩვენთვის პრობლემებს წარმოშობს. ფაქტობრივად, ჩვენ ვიხილეთ მტკიცებულებები იმისა, რომ მათ სწორედ ამის გაკეთება სცადეს“, - აღნიშნა მან.
ვენსმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის წარმომადგენლები - სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი - ხუთშაბათს დაგეგმილ მოლაპარაკებებს დაესწრებიან.
მან ასევე დასძინა, რომ ტრამპს ირანის ბირთვული პროგრამის საკითხის გადაჭრა „დიპლომატიურად სურს, თუმცა, რა თქმა უნდა, პრეზიდენტს სხვა ვარიანტებიც აქვს“.





