უკრაინაში აცხადებენ, რომ სლოვაკეთის მიერ ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა ქვეყნის დენით მომარაგებაზე არსებით გავლენას ვერ მოახდენს
მსოფლიო

ფოტო: rbc.ua
უკრაინის ეროვნული ენერგეტიკული კომპანიის „უკრენერგო“-ს განცხადებით, სლოვაკეთის მიერ ელექტროენერგიის საავარიო მიწოდების შეწყვეტა ქვეყანაზე გავლენას ვერ მოახდენს.
„სლოვაკეთიდან ავარიული დახმარების შესაძლო შეწყვეტა ელექტროსისტემაზე გავლენას ვერ მოახდენს“, - აღნიშნულია „უკრენერგო“-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უკრაინის ეროვნულ ენერგეტიკულ კომპანიაში აგრეთვე აცხადებენ, რომ სლოვაკეთიდან ელექტროენერგიის ავარიული მიწოდება იყო იშვიათი და ეს ხდებოდა სისტემის საგანგებო ბალანსირებისთვის.
ცნობისთვის, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ ორშაბათიდან ბრატისლავა კიევისთვის ელექტროენერგიის საავარიო მიწოდებას წყვეტს. როგორც სლოვაკური მხარე აცხადებს, ეს არის საპასუხო ზომა, რადგან უკრაინა ნავთობსადენ „დრუჟბას“ გავლით სლოვაკეთსა და უნგრეთში რუსულ ნავთობს არ ატარებს.





