ირანის ისლამური რევოლუციის 47-ე წლისთავი საქართველოს გარდა ნიდერლანდებში, საფრანგეთში, სერბეთსა და არაერთ სხვა ქვეყანაში აღინიშნა
მსოფლიო

ფოტო: ვიდეო/კადრი
ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვებისა და ისლამური რესპუბლიკის დაარსების 47-ე წლისთავი აღინიშნა. საზეიმო ღონისძიებებთან დაკავშირებით, თეირანსა და ირანის სხვადასხვა ქალაქში მასშტაბური მსვლელობები მოეწყო.
თეირანმა ოფიციალური მილოცვები მიიღო როგორც სტრატეგიული მოკავშირეებისგან, ისე ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისგან.
ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში, 11 თებერვალს გამართულ ღონისძიებას ელჩები, მაღალი თანამდებობის პირები და ადგილობრივი ირანული საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ. ოფიციალური მიღებები გაიმართა საფრანგეთსა და სერბეთში მდებარე ირანის საელჩოებშიც.
ასევე, ამ თარიღთან დაკავშირებით პატივისცემა გამოხატა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა, რომელმაც ირანის ხელისუფლებას ისლამური რევოლუციის 47-ე წლისთავი წერილით მიულოცა.
ირანის სულიერ ლიდერს მისალოცი წერილი გაუგზავნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმაც, ხოლო ირანში სომხეთის ელჩი ირანის ისლამური რევოლუციის 47-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო.
თეირანმა მისალოცი წერილი მიიღო ასევე აზერბაიჯანის ლიდერისგან, ილჰამ ალიევისგან და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისგან. ბაქოში საზეიმო მიღებაც გაიმართა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იმ ირანის პრეზიდენტსა და ირანელ ხალხს ეროვნული დღე მიულოცა. მან ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.
ასევე, ირანმა მისალოცი წერილები მიიღო საუდის არაბეთიდან, კატარიდან, პაკისტანიდან, ინდოეთიდან, ყაზახეთიდან და მალაიზიიდან.
საზეიმო ღონისძიება გაიმართა საქართველოშიც, რომელსაც ხუთასამდე მიწვეული სტუმარი დაესწრო.





