ლავროვი: რუსეთმა ანკორიჯში მიიღო აშშ-ის წინადადებები უკრაინასთან დაკავშირებით, თუმცა ახლა თავად ვაშინგტონი აღარ არის მათთვის მზად
მსოფლიო

სერგეი ლავროვი
ფოტო: Facebook
აშშ ახლა თავად აღარ არის მზად საკუთარი წინადადებებისთვის უკრაინის შესახებ, რომლებიც ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის ანკორიჯის შეხვედრაზე გაჟღერდა, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა TV BRICS-თან ინტერვიუში.
ლავროვის თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია „არ აპროტესტებს“ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ შეზღუდვებს, რომლებიც ჯერ კიდევ მისმა წინამორბედმა, ჯო ბაიდენმა დააწესა. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ უკვე ტრამპის დროს აშშ-მა დააწესა სანქციები „ლუკოილისა“ და „როსნეფტის“ წინააღმდეგ, „თანაც ეს გააკეთეს შემოდგომაზე, ანკორიჯში პუტინისა და ტრამპის ძალიან კარგი შეხვედრიდან რამდენიმე კვირის შემდეგ“.
„ანუ, თითქოს გვეუბნებიან, რომ უკრაინის პრობლემა უნდა გადაიჭრას. ანკორიჯში ჩვენ მივიღეთ შეერთებული შტატების წინადადება. ანუ, თუ კაცურად მივუდგებით, მათ შემოგვთავაზეს, ჩვენ დავთანხმდით, პრობლემა უნდა გადაიჭრას. მნიშვნელობა არ აქვს, რას იტყვიან უკრაინაში ან ევროპაში, ჩვენ კარგად ვხედავთ ევროკავშირის რეჟიმების უმრავლესობის გამოქვაბულისებრ რუსოფობიას, იშვიათი გამონაკლისების გარდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო შეერთებული შტატების პოზიცია. და რაკი ასეა, მათი წინადადებების მიღებით ჩვენ თითქოს შევასრულეთ ამოცანა - გადაგვეჭრა უკრაინის საკითხი და გადავსულიყავით სრულმასშტაბიან, ფართო და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე.
თუმცა, პრაქტიკაში ყველაფერი პირიქით გამოიყურება: წესდება ახალი სანქციები, ღია ზღვაში ეწყობა „ტანკერების ომი“, რაც საზღვაო სამართლის კონვენციის დარღვევაა. ინდოეთსა და ჩვენს სხვა პარტნიორებს კი უკრძალავენ იაფი და ხელმისაწვდომი რუსული ენერგორესურსების შეძენას“, - განაცხადა ლავროვმა.
მისივე თქმით, აშშ-მა „ეკონომიკური დომინირების ამოცანა გამოაცხადა“.
„უკრაინასთან დაკავშირებით მათ რაღაც შემოგვთავაზეს და ჩვენ მზად ვიყავით, ახლა კი ისინი აღარ არიან მზად. ამის გარდა, ეკონომიკის სფეროშიც ვერანაირ ვარდისფერ მომავალს ვერ ვხედავთ“, - დასძინა მან.
ტრამპისა და პუტინის შეხვედრა ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე (ანკორიჯი) 2025 წლის აგვისტოში შედგა.





