Reuters: აშშ-ისა და უკრაინის მოლაპარაკებების მონაწილეებმა განიხილეს ამბიციური გეგმა, რომლის მიზანიცაა რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მარტში მიღწევა
მსოფლიო

ფოტო: Reuters
აშშ-ისა და უკრაინის მოლაპარაკებების მონაწილეებმა განიხილეს ამბიციური გეგმა, რომლის მიზანიცაა რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მარტში მიღწევა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
თუმცა, საკითხში ჩახედული სამი წყაროს ცნობით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ვადები დაცული იყოს, რადგან მთავარ საკითხზე - ტერიტორიებზე - შეთანხმება მიღწეული არ არის.
აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის განხილული გეგმის მიხედვით, ნებისმიერი შეთანხმება რეფერენდუმზე უკრაინელ ამომრჩევლებს წარედგინება, რომლებიც, ამავდროულად, მონაწილეობას ეროვნულ არჩევნებშიც მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ხუთი წყარო ავრცელებს.
აშშ-ის მომლაპარაკებელთა ჯგუფმა - სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის ხელმძღვანელობით - აბუ-დაბისა და მაიამიში გამართულ ბოლო შეხვედრებზე უკრაინელ კოლეგებს განუცხადა, რომ უმჯობესი იქნება, თუ კენჭისყრა მალე ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას სამი წყარო ავრცელებს.
აშშ-ის მომლაპარაკებლებმა აღნიშნეს, რომ კონგრესის შუალედური არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ტრამპი, სავარაუდოდ, მეტ ყურადღებას შიდა საქმეებზე გადაიტანს. ორი წყაროს ცნობით, ეს ნიშნავს, რომ აშშ-ის მაღალჩინოსნებს ნაკლები დრო და პოლიტიკური კაპიტალი დარჩებათ სამშვიდობო შეთანხმების საბოლოოდ გასაფორმებლად.
ორი წყაროს ცნობით, აშშ-ისა და უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განიხილეს იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყნის მასშტაბით არჩევნები და რეფერენდუმი მაისში ჩატარდეს.
„ამერიკელები ჩქარობენ“, - განაცხადა საკითხში ჩახედულმა ერთ-ერთმა წყარომ და დასძინა, რომ კენჭისყრის ორგანიზება ექვს თვეზე ნაკლებ დროშიც შესაძლებელია, თუმცა ამას მაინც მნიშვნელოვანი დრო დასჭირდება.
ერთ-ერთი წყაროს ცნობით, უკრაინას საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტა სურს, რათა რეფერენდუმის ლეგიტიმურობა და დაცულობა უზრუნველყოს; ამასთან, კიევში აცხადებენ, რომ კრემლს საბრძოლო მოქმედებების შეჩერების შესახებ მიღწეული შეთანხმებების დარღვევის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.





