Associated Press: აშშ და რუსეთს შორის შეიარაღებაზე კონტროლის ნახევარსაუკუნოვანი ეპოქა დასრულდა ბირთვული შეიარაღების შესახებ ხელშეკრულების ვადის ამოწურვით
მსოფლიო

ფოტო: Reuters
კრემლმა ხუთშაბათს სინანული გამოთქვა რუსეთსა და აშშ-ს შორის მოქმედი ბირთვული შეიარაღების შეთანხმების ვადის ამოწურვის გამო - ამ ფაქტმა ორ უმსხვილეს ბირთვულ არსენალზე ყოველგვარი შეზღუდვა მოხსნა, რაც პირველად მოხდა ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში, - წერს სააგენტო Associated Press-ი.
შეიარაღების კონტროლის ექსპერტების განცხადებით, სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულების შეწყვეტამ შესაძლოა საფუძველი ჩაუყაროს ბირთვული შეიარაღების შეუზღუდავ რბოლას.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გასულ წელს განაცხადა, რომ მზად იყო კიდევ ერთი წლით დაეცვა ხელშეკრულების ლიმიტები, თუ ვაშინგტონიც ასევე მოიქცეოდა, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მისი გაგრძელების შესახებ მკაფიო პოზიცია არ დაუფიქსირებია. მან მიანიშნა, რომ სურს ჩინეთიც გახდეს ახალი შეთანხმების ნაწილი, რაზეც პეკინმა უარი განაცხადა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ტრამპმა მკაფიოდ განმარტა: „21-ე საუკუნეში შეიარაღებაზე რეალური კონტროლის დასაწესებლად შეუძლებელია ისეთი რამის გაკეთება, რაც არ მოიცავს ჩინეთს, მათი ვრცელი და სწრაფად მზარდი მარაგების გათვალისწინებით“.
კრემლის მრჩევლის, იური უშაკოვის განცხადებით, პუტინმა ოთხშაბათს ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან შეთანხმების ვადის ამოწურვა განიხილა. მან აღნიშნა, რომ აშშ-მა არ უპასუხა მის წინადადებას ლიმიტების გაგრძელების შესახებ და დასძინა, რომ რუსეთი „იმოქმედებს გაწონასწორებულად და პასუხისმგებლობით, უსაფრთხოების მდგომარეობის საფუძვლიანი ანალიზის საფუძველზე“.





