The Financial Times: აშშ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემას დონბასიდან ჯარების გაყვანას უკავშირებს
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
თეთრმა სახლმა უკრაინის ხელისუფლებას აცნობა, რომ უსაფრთხოების გარანტიებს იმ შემთხვევაში მისცემს, თუ კიევი სამშვიდობო შეთანხმებას დათანხმდება, რომლის მთავარ პუნქტს დონბასიდან უკრაინული ჯარების გაყვანა წარმოადგენს. ინფორმაციას The Financial Times-ი რვა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვაშინგტონმა აგრეთვე კიევს განუცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უფრო მეტ შეიარაღებას მისცემს მშვიდობიან დროს, მას შემდეგ, რაც კიევი დონბასიდან სამხედროებს გაიყვანს.
აშშ-ის წარმომადგენლების მიერ გაჟღერებული ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ვაშინგტონმა, შესაძლოა, კიევს ნატოს კოლექტიური თავდაცვის მსგავსი გარანტიები მისცეს. თავად უკრაინულ მხარეს სურს, რომ ამერიკელებმა მათ კონკრეტული გარანტიები მისცენ, სანამ ისინი ტერიტორიებს დათმობდნენ.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის წარმომადგენლებმა აღნიშნული დაადასტურეს და ხაზი გაუსვეს, რომ ამერიკული მხარე გარანტიების თემას იყენებს იმისთვის, რათა კიევს დათმობებზე წასვლა, ხოლო მოსკოვს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა აიძულოს.





