WSJ: სი ძინპინის მოადგილეს ჩინეთის ბირთვული პროგრამის შესახებ ინფორმაციის აშშ-სთვის გადაცემაში ადანაშაულებენ
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
ჩინეთის ყველაზე მაღალი რანგის გენერალს, ცენტრალური სამხედრო კომისიის მოქმედ ვიცე-თავმჯდომარეს, ჯან იუსიას, შეერთებული შტატებისთვის ბირთვული იარაღის შესახებ მონაცემების გადაცემაში ედება ბრალი. ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით დახურული ბრიფინგი ჩატარდა, რომელზეც აღინიშნა, რომ გენერალმა აშშ-ს გადასცა საკვანძო ტექნიკური მონაცემები ჩინეთის ბირთვული იარაღის შესახებ. გარდა ამისა, ხელისუფლება ამოწმებს მის საქმიანობას იმ უწყების ზედამხედველობის კუთხით, რომელიც პასუხისმგებელია სამხედრო ტექნიკის კვლევაზე, შემუშავებასა და შესყიდვაზე. წყაროების თანახმად, ჯანი ეჭვმიტანილია იმაში, რომ ქრთამს იღებდა შესყიდვების ამ სისტემაში დაწინაურების სანაცვლოდ, ასევე ლობირებდა ოფიცრის დანიშვნას თავდაცვის მინისტრის პოსტზე.





