Politico: ბრიტანეთი რუსულ ნავთობთან დაკავშირებული საკანონმდებლო ხვრელის გამო „კრემლისთვის ჩეკების გამოწერას“ განაგრძობს
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, ბრიტანეთის პარლამენტში გამოვიდნენ მოწოდებით, ჩაკეტონ საკანონმდებლო ხვრელი, რომელიც ბრიტანეთის თვითმფრინავებს საშუალებას აძლევს იფრინონ რუსული ნავთობისგან წარმოებული რეაქტიული საწვავით.
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის „ლეიბორისტი“ წევრის, ლიამ ბირნის განცხადებით, ყოველთვე, სანამ ბრიტანეთი არსებულ ხვრელს არ დახურავს, ბრიტანული ფულით მარაგდება რუსეთის სამხედრო მანქანა, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ იბრძვის.
გამოცემის მტკიცებით, დიდმა ბრიტანეთმა რუსული ნავთობის პირდაპირი იმპორტი 2022 წელს, უკრაინაში ომის დაწყებიდან 10 თვეში შეაჩერა. ამის შემდეგ ლონდონი სულ უფრო აფართოებს სასანქციო რეჟიმს რუსეთის წინააღმდეგ. 2025 წლის აპრილში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა „გაამკაცრებს ზომებს“ რუსულ ნავთობთან დაკავშირებით.
თუმცა, ანალიზი აჩვენებს, რომ 2022 წლიდან 2025 წლამდე დიდმა ბრიტანეთმა 4 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობის ნავთობპროდუქტები, მათ შორის საავიაციო საწვავი შეიტანა ინდოეთისა და თურქეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებიდან, რომლებიც რუსულ ნედლ ნავთობს იყენებენ.
ინდოეთი ჩინეთის შემდეგ რუსული ნავთობის უმსხვილესი შემსყიდველია. რუსულ ნავთობს დიდი რაოდენობით ყიდულობს თურქეთიც. ორივე ქვეყანა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მეშვეობით ნედლ ნავთობს ამუშავებს და სხვადასხვა პროდუქტს, მათ შორის საავიაციო საწვავს ქმნის. შემდეგ ნავთობპროდუქტები საზღვარგარეთ იყიდება. როგორც გამოცემა წერს, ეს არის დასავლეთის ერთ-ერთი სუსტი წერტილი რუსეთის ნავთობისგან მიღებულ შემოსავლებთან ბრძოლის საკითხში.





