ვიტალი კლიჩკო: პუტინს კიევი ჰუმანიტარული კატასტროფისკენ მიჰყავს
მსოფლიო

ვიტალი კლიჩკო
ფოტო: The Times
პუტინს კიევი ჰუმანიტარული კატასტროფისკენ მიჰყავს, - ამის შესახებ უკრაინის დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ მას შემდეგ განაცხადა, რაც რუსეთის მასირებულმა დარტყმებმა ქალაქის ნახევარი ელექტროენერგიის, გათბობისა და წყლის მიწოდების გარეშე დატოვა.
ბრიტანულ გამოცემა The Times-თან ინტერვიუში მან კიევის მოსახლეობას ურჩია, „დაეტოვებინათ ქალაქი, თუკი ამის შესაძლებლობა ჰქონდათ“.
„ვითარება კრიტიკულია სასიცოცხლო მნიშვნელობის სერვისების - გათბობის, წყლისა და ელექტროენერგიის მხრივ. ამჟამად, 5 600 საცხოვრებელი კორპუსი გათბობის გარეშეა დარჩენილი. რუსებს სურთ ჩვენს მშობლიურ ქალაქში ჰუმანიტარული კატასტროფა მოაწყონ, რათა ზამთარში ხალხი გაყინონ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
ზელენსკი შეეცადა, ქალაქში ელექტროენერგიის ხანგრძლივ გათიშვაში კლიჩკო დაედანაშაულებინა და აღნიშნა, რომ დედაქალაქი ნაკლებად მომზადებული აღმოჩნდა, ვიდრე ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი - ხარკოვი, რომელიც რუსეთის საზღვრიდან დაახლოებით 20 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
კლიჩკომ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მხრიდან „არაგონივრულია“ ქვეყნის შიგნით პოლიტიკური კონფლიქტის შექმნა იმ დროს, როდესაც ერთიანობა ყველაზე მეტად არის საჭირო.





