Politico: ევროკავშირს პუტინთან მომლაპარაკებლის დანიშვნა სურს
მსოფლიო

ფოტო: EPA
ევროკავშირს ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების საწარმოებლად სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა სურს, - წერს Politico ანონიმურ დიპლომატებსა და ჩინოსნებზე დაყრდნობით.
გამოცემის ინფორმაციით, ინიციატივა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ემანუელ მაკრონმა და ჯორჯია მელონიმ პუტინთან მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდეს. ახალი თანამდებობის შექმნას მხარი საფრანგეთმა და იტალიამ დაუჭირეს და მათ ევროკომისიის მხარდაჭერა უკვე მიიღეს.
გამოცემის ცნობით, ბრიუსელში შიშობენ, რომ აშშ-მა შესაძლოა რუსეთთან შეთანხმებას ევროპის გვერდის ავლით მიაღწიოს. ახალ თანამდებობაზე დანიშნულმა პირმა კი უკრაინის საკითხზე სხვადასხვა მოლაპარაკებების დროს ევროპელების სახელით მათი ინტერესები უნდა წარადგინოს.
Politico ასევე აღნიშნავს, რომ ახალი თანამდებობის დეტალებსა და უფლებამოსილებებთან დაკავშირებით ევროკავშირში ჯერ კიდევ სერიოზული უთანხმოებაა, თუმცა გამოცემის მიერ გამოკითხული დიპლომატების თქმით, ამ როლზე ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბია.





