The Wall Street Journal: საუდის არაბეთი და სპარსეთის ყურის სხვა არაბული ქვეყნები ტრამპის ადმინისტრაციას მოუწოდებენ, თეირანზე თავდასხმა არ განახორციელოს
მსოფლიო

ფოტო: Abedin Taherkenareh/EPA/Shutterstock
ირანის არაბი მეტოქეები სპარსეთის ყურის რეგიონში, საუდის არაბეთის მეთაურობით, ტრამპის ადმინისტრაციას მოუწოდებენ, თეირანზე თავდასხმა არ განახორციელოს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
საჯაროდ, სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნები მეტწილად დუმილს ინარჩუნებენ, მიუხედავად იმისა, რომ მეზობელ ირანში პროტესტი ფართოდ გავრცელდა, ხოლო უფლებადამცველი ჯგუფების განცხადებით, რეჟიმის მხრიდან დემონსტრაციების დარბევას ათასობით ადამიანი ემსხვერპლა.
თუმცა, კულუარებში, საუდის არაბეთი, ომანი და კატარი თეთრ სახლს აფრთხილებენ, რომ ირანის რეჟიმის დამხობის მცდელობა ნავთობის ბაზრებს შეარყევს და საბოლოოდ აშშ-ის ეკონომიკას დააზიანებს - იტყობინებიან სპარსეთის ყურის ქვეყნების ოფიციალური პირები.
ოფიციალური პირების განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციას არ დაუკონკრეტებია, თუ რა ტიპის სამხედრო მოქმედებას გეგმავს ირანის წინააღმდეგ, თუმცა აღნიშნა, რომ თავდასხმის ალბათობა უფრო მაღალია, ვიდრე მისი არგანხორციელებისა.
არაბული ქვეყნები შიშობენ, რომ ირანზე დარტყმები საფრთხეს შეუქმნის ნავთობტანკერების გადაადგილებას ჰორმუზის სრუტეში. ეს არის ვიწრო საწყლოსნო გზა სპარსეთის ყურის შესასვლელთან, რომელიც ირანს მისი არაბი მეზობლებისგან ყოფს და რომელზეც მსოფლიო ნავთობის გადაზიდვების დაახლოებით მეხუთედი მოდის.
საუდის არაბეთის ოფიციალური პირების განცხადებით, მათ თეირანი დაარწმუნეს, რომ პოტენციურ კონფლიქტში არ ჩაერევიან და აშშ-ს საჰაერო სივრცის გამოყენების უფლებას არ მისცემენ იერიშების განსახორციელებლად.
ყურის ქვეყნებს, რომელთაგან ბევრი ბოლო წლებში ირანისა და მისი მოკავშირეების თავდასხმების შედეგად დაზარალდა, ნაკლებად აქვთ სიმპათიები თეირანის მიმართ. თუმცა, ისინი შიშობენ, რა გავლენას მოახდენს მათსავე ეკონომიკასა და პოლიტიკაზე ირანში ვითარების ესკალაცია - ან ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის მმართველობის დამხობა.
ანალიტიკოსების თქმით, საუდის არაბეთი განსაკუთრებით მგრძნობიარეა ვითარების მზარდი არასტაბილურობის მიმართ. სამეფომ ადგილობრივ მედიას დაავალა, შეზღუდონ დემონსტრაციების გაშუქება და მათი მხარდაჭერა, რათა თავიდან აიცილონ ირანის მხრიდან საპასუხო ნაბიჯები.





