ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი: თუ უკრაინაში მშვიდობა იქნება, ჩვენ შეგვიძლია რამდენიმე ასეული ჯარისკაცი გავგზავნოთ
მსოფლიო

ფოტო: BNS
ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის რობერტას კაუნასის განცხადებით, თუ უკრაინაში მშვიდობა დამყარდება, ოფიციალურ ვილნიუსს კიევის დასახმარებლად რამდენიმე ასეული ჯარისკაცის გაგზავნა შეეძლება. ინფორმაციას ლიეტუვური მედია ავრცელებს.
„ზუსტ დეტალებს ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენ ასეთ დისკუსიას ვაწარმოებთ. ჩვენ აუცილებლად შევიტანთ ჩვენს წვლილს უსაფრთხოების გარანტიებში... მშვიდობის შემთხვევაში, ჩვენ რამდენიმე ასეული ჯარისკაცის გაგზავნას შევძლებდით“, - განუცხადა კაუნასმა ჟურნალისტებს.
ამასთან, კაუნასს არ დაუკონკრეტებია, თუ რა საშუალებებით შეძლებს ლიეტუვა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების დამატებით უზრუნველყოფას.
„არ მინდა, რამეზე ყურადღების გამახვილება, რათა მოგვიანებით ეს ტყუილს არ დაემსგავსოს. თავადაც ხედავთ, როგორ იცვლება გეოპოლიტიკური სიტუაცია, როგორ იცვლება ის სხვადასხვა მიმართულებით. ყველაზე მნიშვნელოვანი არის საერთო მიზნის შეთანხმება, რომ ლიეტუვა, ევროპა და ამერიკა, უკრაინასთან ერთად, ყველა ღონეს ხმარობენ მშვიდობის მისაღწევად და უზრუნველსაყოფად“, - დასძინა მან.





