ტრამპი სამართალდამცველის მიერ ქალის სასიკვდილოდ დაჭრაზე: მსგავსი ინციდენტები იმის გამო ხდება, რომ რადიკალი მემარცხენეები ყოველდღიურად ემუქრებიან და თავს ესხმიან ჩვენს სამართალდამცველებს
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
ფოტო: Reuters
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მინეაპოლისში ჩატარებულ ოპერაციას გამოეხმაურა, რომლის დროსაც საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) აგენტმა ავტომობილში მყოფი ქალი სასიკვდილოდ დაჭრა.
„ახლახან ვნახე მინეაპოლისში მომხდარი ინციდენტის ვიდეოჩანაწერი. ამის ყურება საშინელებაა. ქალი, რომელიც ყვიროდა, აშკარად პროფესიონალი აგიტატორი იყო, ხოლო ავტომობილის მძღოლი ქალი იქცეოდა უკიდურესად უწესრიგოდ, აფერხებდა პროცესს და წინააღმდეგობას უწევდა სამართალდამცველებს, რის შემდეგაც მან განზრახ, სასტიკად და ბოროტი განზრახვით გადაუარა საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის ოფიცერს. როგორც ჩანს, ოფიცერმა მას თავდაცვის მიზნით ესროლა“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
„ვითარება სრულყოფილად შესწავლის პროცესშია, თუმცა მსგავსი ინციდენტები იმის გამო ხდება, რომ რადიკალი მემარცხენეები ყოველდღიურად ემუქრებიან და თავს ესხმიან ჩვენს სამართალდამცველებსა და საიმიგრაციო სამსახურის აგენტებს. ისინი უბრალოდ ცდილობენ შეასრულონ თავიანთი საქმე - გახადონ ამერიკა უსაფრთხო. ჩვენ გვერდით უნდა დავუდგეთ და დავიცვათ ჩვენი სამართალდამცველები ამ ძალადობრივი და სიძულვილის მოძრაობისგან!“ - დასძინა ტრამპმა.





