POLITICO: ტრამპის თავდასხმა ვენესუელაზე კიდევ უფრო ამწვავებს ევროპის დილემას გრენლანდიასთან დაკავშირებით
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
ფოტო: GettyImages
ევროკავშირის თავშეკავებული რეაქცია ვენესუელაში ტრამპის ოპერაციაზე ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად რთულია ბრიუსელისთვის მტკიცე პოზიციის დაკავება აშშ-ის პრეზიდენტის მუქარებთან დაკავშირებით, რომლებიც გრენლანდიის ხელში ჩაგდებას ეხება, - წერს გამოცემა POLITICO.
ორშაბათს ევროკომისია შეეცადა ერთმანეთისგან გაემიჯნა აშშ-ის მიერ ვენესუელის ლიდერის, ნიკოლას მადუროს დაკავება და ტრამპის განახლებული რიტორიკა არქტიკული ტერიტორიის ხელში ჩაგდების შესახებ, თუმცა ვერ დააკონკრეტა, თუ როგორ გეგმავს ამერიკელი ლიდერის შეკავებას მსგავსი ნაბიჯისგან.
„გაგახსენებთ, რომ გრენლანდია აშშ-ის მოკავშირეა და მასზე ნატოს ალიანსის უსაფრთხოების გარანტიებიც ვრცელდება. ეს კი ძალიან, ძალიან დიდი განსხვავებაა“, - განაცხადა ევროკომისიის მთავარმა პრესსპიკერმა, პაოლა პინიომ. „აქედან გამომდინარე, ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს გრენლანდიას და ვერანაირ პარალელს ვერ ვხედავთ იმასთან, რაც [ვენესუელაში] მოხდა“.
გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა, იენს-ფრედერიკ ნილსენმა ასევე უარყო ვენესუელასთან შედარება და ჟურნალისტებთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა დემოკრატიულია და ასეთად რჩება უკვე მრავალი წელია.
„საკმარისია. აღარანაირი ზეწოლა. აღარანაირი მინიშნებები. აღარანაირი ფანტაზიები ანექსიაზე“, - დაწერა ნილსენმა ორშაბათს დილით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.
ევროკომისიამ თავი აარიდა პასუხს არაერთგზის დასმულ კითხვაზე, თუ რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამდა ევროკავშირი ტრამპის შესაკავებლად. მათ მხოლოდ აღნიშნეს, რომ „არ შეწყვეტენ“ ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების დაცვას, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ, თუ როგორ აპირებენ ამის გაკეთებას.
„ბრიუსელის მხრიდან პასუხის სირბილე კარგად ასახავს იმ გამოუვალ მდგომარეობას, რომელშიც ევროპა აღმოჩნდა. ტრამპის მხრიდან სავაჭრო სფეროში ან უკრაინის საკითხზე შესაძლო საპასუხო დარტყმის შიშით - იმ შემთხვევაში, თუ იგი ჩათვლის, რომ აშშ-ის ინტერესები ზიანდება - ევროკავშირმა მისი მუქარის საპასუხოდ ძალის დემონსტრირებისგან მეტწილად თავი შეიკავა“, - ნათქვამია სტატიაში.




