დონალდ ტრამპი ვენესუელის რესურსებზე წვდომას ითხოვს: ეს ქვეყნის აღდგენის საშუალებას მოგვცემს
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
ფოტო: Getty Images
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას მკაფიოდ ჩამოაყალიბა ვაშინგტონის მოთხოვნები ვენესუელის დროებითი ადმინისტრაციის მიმართ. კითხვაზე, რა მოლოდინები აქვს მას დელსი როდრიგესისგან, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ქვეყნის ბუნებრივ რესურსებზე სრული კონტროლის აუცილებლობას.
„ჩვენ გვჭირდება სრული წვდომა. ჩვენ გვჭირდება წვდომა ნავთობზე და მათ ქვეყანაში არსებულ სხვა რესურსებზე, რაც საშუალებას მოგვცემს აღვადგინოთ მათი ქვეყანა“, - განაცხადა ტრამპმა.
3 იანვრის ღამეს აშშ-მა ვენესუელაში სამხედრო ოპერაცია ჩაატარა, რის შედეგადაც ამერიკელმა სპეცრაზმელებმა პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე, სილია ფლორესი შეიპყრეს და ქვეყნიდან გაიყვანეს. ისინი ნიუ-იორკში, სასამართლოს წინაშე „ნარკოტერორიზმის“ მიზნით შეთქმულების, კოკაინის შემოტანის, ასევე აშშ-ის წინააღმდეგ გამოსაყენებლად იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების შენახვის ბრალდებით წარდგებიან. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელაში ხელისუფლების კანონიერ გადაცემამდე ქვეყანას აშშ უხელმძღვანელებს. ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ კი დელსი როდრიგესი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად დანიშნა.





