დანიის ელჩი აშშ-ში: დიახ, ჩვენ ველით დანიის სამეფოს ტერიტორიული მთლიანობის სრულ პატივისცემას
მსოფლიო

ჯესპერ სორენსენი
ფოტო: Facebook
დანიის ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯესპერ მიოლერ სორენსენი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის მეუღლის ტვიტს გამოეხმაურა, რომელმაც სოციალურ ქსელში ამერიკის დროშის ფერებში გაფორმებული გრენლანდიის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით „მალე“. დიპლომატმა აშშ-ს დანიის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისკენ მოუწოდა.
„მეგობრული შეხსენება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დანიის სამეფოს შესახებ: ჩვენ ახლო მოკავშირეები ვართ და უნდა განვაგრძოთ თანამშრომლობა, როგორც ასეთებმა. აშშ-ის უსაფრთხოება გრენლანდიისა და დანიის უსაფრთხოებაცაა. გრენლანდია უკვე არის NATO-ს ნაწილი. დანიის სამეფო და შეერთებული შტატები ერთად მუშაობენ არქტიკაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. დანიის სამეფომ მნიშვნელოვნად გააძლიერა თავისი ძალისხმევა არქტიკის უსაფრთხოების მიმართულებით - მხოლოდ 2025 წელს ჩვენ გამოვყავით 13,7 მილიარდი აშშ დოლარი, რომელიც არქტიკასა და ჩრდილოეთ ატლანტიკაში შეიძლება იყოს გამოყენებული. ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით ჩვენს საერთო უსაფრთხოებას. და დიახ, ჩვენ ველით დანიის სამეფოს ტერიტორიული მთლიანობის სრულ პატივისცემას“, - წერს სორენსენი.
— Jesper Møller Sørensen 🇩🇰 (@DKambUSA) January 4, 2026





