პოლონეთის პრეზიდენტი: პოლონეთსა და უკრაინას შორის არის გადაუჭრელი საკითხები
მსოფლიო

კაროლ ნავროცკი
ფოტო: Reuters
პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ განაცხადა, რომ მის ქვეყანასა და უკრაინას შორის არსებობს „გადაუჭრელი საკითხები“, რომლებზეც მუშაობაა საჭირო.
ნავროცკის ასევე ჰკითხეს, გახდება თუ არა 2025 წლის დასასრული „ახალი დასაწყისი“ პოლონეთისა და უკრაინის ურთიერთობებში.
„მტკიცედ მჯერა, რომ გახდება. პრეზიდენტ ზელენსკის ვიზიტი ვარშავაში იმის დასტურია, რომ უკრაინა ზრუნავს პოლონეთთან კარგ ურთიერთობებზე. ჩვენი საერთო სტრატეგიული ინტერესი რუსეთის მხრიდან მომავალ საფრთხესთან დაკავშირებით აშკარაა - და ეს არის ერთ-ერთი იმ მცირე საკითხთაგანი, რომელიც მაერთიანებს მე, პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და ამჟამინდელ მთავრობას“, - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.
თუმცა, მისი თქმით, ახალი დასაწყისი „პარტნიორობას უნდა ნიშნავდეს“.
„ეს პარტნიორობა აშკარაა პრეზიდენტ ზელენსკისთან ჩემს კონტაქტებში, თუმცა პირველად გაჟღერდა პოლონეთის კონკრეტული მოლოდინებიც უკრაინის მიმართ. უკრაინასთან ჩვენს ურთიერთობებში არის გადაუჭრელი საკითხები და ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში მე მოვითხოვ, რომ ისინი გადაიჭრას“, - აღნიშნა ნავროცკიმ.





