„მსურველთა კოალიციის“ მორიგი შეხვედრა იანვრის დასაწყისში, პარიზში გაიმართება
მსოფლიო

ემანუელ მაკრონი
ფოტო: Getty Images
„მსურველთა კოალიცია“ იანვრის დასაწყისში პარიზში შეიკრიბება. ინფორმაცია საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაავრცელა.
მისი თქმით, ახალი შეხვედრის მიზანი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში კოალიციის თითოეული წევრი ქვეყნის კონკრეტული წვლილის საბოლოო შეთანხმება იქნება.
„ჩვენ მივაღწიეთ პროგრესს უსაფრთხოების გარანტიების საკითხში, რომელსაც ცენტრალური მნიშვნელობა ექნება სამართლიანი და მყარი მშვიდობის დამყარებისთვის“, - დაწერა მაკრონმა სოციალურ ქსელში X.
საფრანგეთის პრეზიდენტი ტელეფონით ესაუბრა სხვა ევროპელ ლიდერებს, ასევე აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს - დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის, რომლებიც ერთმანეთს ფლორიდაში შეხვდნენ.
ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა დელეგაციებთან ერთად 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა, რის შემდეგაც პრეზიდენტებმა ევროპელ ლიდერებთან ვიდეოკონფერენცია გამართეს. ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ მხარეებმა დიდ პროგრესს მიაღწიეს. ასევე ცნობილია, რომ შეხვედრამდე ტრამპი ტელეფონით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ესაუბრა.





