Le Figaro: ძალისმიერ პოზიციაში მყოფ ვაშინგტონს ევროკავშირი თვეებია მიზანში ჰყავს ამოღებული და სასტიკად ესხმის თავს ევროპულ სამართლებრივ არსენალს
მსოფლიო

ტიერი ბრეტონი
ფოტო: JOSH EDELSON / AFP
ევროპელი მაღალჩინოსნების, მათ შორის ფრანგი ტიერი ბრეტონის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემდეგ, ევროკავშირში აღშფოთებული განცხადებები გამრავლდა - ეს უკანასკნელი საპასუხო ზომების მიღებას გეგმავს, - წერს ფრანგული გაზეთი Le Figaro სტატიაში სათაურით ევროპა ამერიკულ თავდასხმებზე რეაგირების საშუალებებს ეძებს.
„ევროპაში საყოველთაო აღშფოთებაა. ოთხშაბათს ევროკავშირმა მკაცრად დაგმო ტრამპის ადმინისტრაციის მიერ „ძველი კონტინენტის“ ხუთი წარმომადგენლის წინააღმდეგ დაწესებული „გაუმართლებელი“ სანქციები და მათთან დაკავშირებით „განმარტებები“ მოითხოვა. დასანქცირებულთა შორისაა შიდა ბაზრის ყოფილი კომისარი (2019-2024) ტიერი ბრეტონი, რომელიც ამიერიდან აშშ-ში პერსონა ნონ გრატად ითვლება. მათი „დანაშაული“? ტექნოლოგიური გიგანტების მკაცრი რეგულირებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის წინამძღოლობა“, - ნათქვამია სტატიაში.
„რეაგირება - კი, მაგრამ როგორ და რა შედეგებით? ზოგიერთი დამკვირვებელი მოსალოდნელი ესკალაციის შესახებ აფრთხილებს, რაც შეიძლება გამოიხატოს ამერიკის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვაში ახალი პირებისთვის, ფინანსურ სანქციებში ევროპული ტექნოლოგიური აქტორების წინააღმდეგ, ან სულაც ლიცენზიებზე უარის თქმასა და ამერიკულ სახელმწიფო შესყიდვებზე წვდომის ჩაკეტვაში. ეს უკანასკნელი დააზარალებს აშშ-ში მოქმედ ევროპულ კომპანიებს, რომელთაგან ზოგიერთს მოქმედი კონტრაქტები აქვს NASA-სთან და პენტაგონთან. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროპა - მისი ეკონომიკა, კომპანიები და მოქალაქეები - დამოკიდებულია ამერიკულ ტექნოლოგიებზე. „ძველმა კონტინენტმა“ ინტერნეტის განვითარების გარდამტეხი ეტაპი გამოტოვა და მას არ ჰყავს ისეთი ტექნოლოგიური გიგანტები, როგორიცაა GAFAM (Google, Apple, Facebook, Amazon და Microsoft) ან სოციალური ქსელი X-ის მსგავსი პლატფორმა“, - წერს სტატიის ავტორი.
სტატიაში აღნიშნულია, რომ „ძალისმიერ პოზიციაში მყოფ ვაშინგტონს ევროკავშირი თვეებია მიზანში ჰყავს ამოღებული“ და „სასტიკად ესხმის თავს ევროპულ სამართლებრივ არსენალს, რომელიც ციფრული სფეროს რეგულირებისთვის მსოფლიოში ყველაზე მძლავრ მექანიზმად ითვლება“.





