ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ირანს ბირთვული იარაღის შექმნის ამბიციებზე უარი არ უთქვამს
მსოფლიო

ისრაელ კაცი
Reuters
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ირანს ბირთვული იარაღის შექმნის ამბიციებზე უარი არ უთქვამს და პარალელურად, ქვეყნის შიგნით ერთიანობისკენ მოუწოდა იმ ფონზე, როდესაც ახალი მთავრობის ფორმირების მანდატი მმართველი პარტიის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტს გადაეცემა.
„ირანი ცდილობს განაახლოს ძალისხმევა ბირთვული იარაღის მისაღებად, იმ სხვა სერიოზულ მუქარებთან ერთად, რომლებიც რეალურ საფრთხეს უქმნის ისრაელის სახელმწიფოს. ჩვენ ამ საფრთხეებს ვერ შევეგუებით“, - განაცხადა კაცმა 1956 წლის სუეცის კრიზისის დროს დაღუპული ჯარისკაცებისადმი მიძღვნილ მემორიალურ ცერემონიაზე.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ ისრაელი მზად უნდა იყოს ნებისმიერი სცენარისთვის და იმოქმედოს მოქალაქეების დასაცავად.
„ჩვენ წინაშე არსებული მასშტაბური ამოცანების გათვალისწინებით, ერთიანი უნდა ვიყოთ. ისრაელის მტრებმა უნდა იცოდნენ, რომ შიდა აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ჩვენს არსებობაზე მუქარის წინაშე მტკიცედ და ერთიანად ვდგავართ“, - აღნიშნა მან.





