ვაშინგტონმა მოსკოვსა და კიევს უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლების დონეზე სამმხრივი შეხვედრის გამართვა შესთავაზა
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი
ფოტო: Getty Images
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ კიევს უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლების დონეზე აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის სამმხრივი შეხვედრის გამართვა შესთავაზა, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტს ეს წინადადება ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა გადასცა, რომელიც ამჟამად მაიამიში იმყოფება და ამერიკულ მხარესთან ომის დასრულების შესახებ „სამშვიდობო გეგმის“ შესახებ კონსულტაციებს მართავს.
ზელენსკის თქმით, იგი დარწმუნებული არ არის, რომ ეს შეხვედრა რაიმე სიახლეს მოიტანს, თუმცა მისი გამართვა მაინც ღირს, რადგან თურქეთში მსგავსი მოლაპარაკებების შედეგი ტყვეების დაბრუნება გახდა.
„ვერ ვიქნები წინააღმდეგი, ჩვენ მხარს ვუჭერთ აშშ-ის წინადადებას. ვნახოთ, როგორ იქნება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეიძლება მიიღოს მონაწილეობა აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის უსაფრთხოების მრჩევლების შეხვედრაში. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში ამ თანამდებობას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო იკავებს. რუსეთსა და უკრაინაში პრეზიდენტებს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ცალკეული მრჩევლები არ ჰყავთ - ეს ფუნქციები უსაფრთხოების საბჭოების წევრებს აკისრიათ.





