The Washington Post: FBI-ის ხელმძღვანელობასა და რუსტემ უმეროვს შორის საიდუმლო შეხვედრებმა შეშფოთება გამოიწვია
მსოფლიო

კეშ პატელი
ფოტო: Demetrius Freeman/The Washington Post
FBI-ის დირექტორის, კეშ პატელისა და მისი მოადგილის, დენ ბონჯინოს რუსტემ უმეროვთან გამართულმა ფარულმა შეხვედრებმა ახალი გაურკვევლობა შეიტანა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში. ინფორმაციას ამის შესახებ დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გამოცემა The Washington Post-ი ავრცელებს.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ვოლოდიმირ ზელენსკის მთავარი მომლაპარაკებელი, რუსტემ უმეროვი სამჯერ ეწვია მაიამის, რათა შეხვედროდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მთავარ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს, და რუსეთთან ოთხწლიანი კონფლიქტის დასრულების წინადადება განეხილა.
თუმცა, აშშ-ში ყოფნისას, უმეროვმა ასევე გამართა ფარული შეხვედრები FBI-ის დირექტორთან, კეშ პატელთან და დირექტორის მოადგილესთან, დენ ბონჯინოსთან.
ეს შეხვედრები განგაშის მიზეზი გახდა დასავლელ ოფიციალურ პირებს შორის, რომლებიც არ ფლობენ ინფორმაციას შეხვედრების მიზნისა და განზრახვის შესახებ.
ზოგიერთი ვარაუდობს, რომ უმეროვი და სხვა უკრაინელი ოფიციალური პირები პატელსა და ბონჯინოს იმიტომ დაუკავშირდნენ, რომ უკრაინელების წინააღმდეგ შესაძლო კორუფციულ ბრალდებებზე ამნისტიის მიღების იმედი ჰქონდათ.
სხვები კი შიშობენ, რომ ახლად დამყარებული არხი შეიძლება გამოყენებული იყოს ზელენსკის მთავრობაზე ზეწოლის მოსახდენად, რათა დათანხმდეს ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო გარიგებას, რომელიც კიევისთვის მძიმე დათმობებს შეიცავს.
ვაშინგტონში უკრაინის ელჩმა, ოლგა სტეფანიშინამ დაადასტურა უმეროვის შეხვედრა FBI-ის ხელმძღვანელობასთან და The Washington Post-ს განუცხადა, რომ ის „მხოლოდ ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხებოდა“, რომელთა გასაჯაროებაც არ შეიძლება.
FBI-ის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ უმეროვთან შეხვედრები მოიცავდა ორი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების განხილვას. მისი თქმით, უკრაინაში კორუფციის საკითხი ერთ-ერთ შეხვედრაზე წამოიჭრა, მაგრამ არ ყოფილა მთავარი თემა.





