ბელგიური გამოცემა La Libre: თუ კიევის მოკავშირეები დათანხმდებიან მისთვის საჭირო შეიარაღების მიწოდებას, მთავარი კითხვა რჩება - ეყოლება თუ არა უკრაინას საკმარისი ხალხი, რომ გამოიყენოს ეს იარაღი?
მსოფლიო

ფოტო: AP
„ყოველ ორ წუთში ვიღაც გარბის ჩვენი არმიიდან“ - 7 ნოემბერს, ყოფილმა დეპუტატმა და უკრაინელმა სამხედრომ, იგორ ლუცენკომ Facebook-ის საკუთარ გვერდზე ასეთი ცალსახა შეფასება გამოაქვეყნა, - წერს ბელგიური გამოცემა La Libre.
მისი თქმით, გენერალურმა პროკურატურამ მხოლოდ ოქტომბრის თვეში დეზერტირობის 21 602 შემთხვევა დააფიქსირა. ეს არის რეკორდული მაჩვენებელი რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ. და როგორც ლუცენკო აღნიშნავს, ეს მონაცემები ასახავს მხოლოდ რეგისტრირებულ შემთხვევებს, მაშინ როცა „დეზერტირობის დიდი რაოდენობა არასდროს აღირიცხება“.
Frontelligence Insight-ის ბოლო მოხსენების თანახმად, 2025 წლის 1 სექტემბრისთვის გახსნილი იყო არარეგულარული არყოფნის 235 000-ზე მეტი საქმე და დეზერტირობის თითქმის 54 000 საქმე.
„მაშინ, როდესაც რუსეთის არმია აძლიერებს ალყას ქალაქ პოკროვსკის გარშემო, უკრაინისთვის სამხედრო მოსამსახურეთა დაკომპლექტების სირთულეებმა პიკს მიაღწია“, - აღნიშნულია სტატიაში.
გასულ კვირას, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღიარა, რომ პოკროვსკის დამცველი უკრაინული ძალები ახლა რვაჯერ ნაკლები რაოდენობისაა, ვიდრე მათი მოწინააღმდეგეები.
ზოგიერთ პოზიციაზე, ჯარისკაცებს ზოგჯერ უწევთ დარჩენა რამდენიმე კვირის, ან თუნდაც თვეების განმავლობაში, როტაციის გარეშე, და წყლითა და საკვებით მომარაგება დრონების მეშვეობით ხდება.
„3.5 წლის განმავლობაში გმირული წინააღმდეგობის შემდეგ და ომის პირველ დღეებში ათასობით მოტივირებული მოხალისის შემოდინების მიუხედავად, კიევს ახლა შიშობს, რომ მას აღარ ჰყავს საკმარისი ჯარისკაცების რაოდენობა 1 200 კილომეტრზე მეტი სიგრძის ფრონტის ხაზის დასაცავად“, - წერს ბელგიური გამოცემა.
გარდა ამისა, რამდენიმე ასეულმა ათასმა საბრძოლო ასაკის უკრაინელმა მამაკაცმა უკვე იპოვა თავშესაფარი ევროპაში, ხშირად არაპირდაპირი გზებით.
„პოკროვსკის გარშემო რუსების ბოლოდროინდელი წინსვლა უკრაინის არმიის სისუსტეებს ასახავს. თუ კიევის მოკავშირეები დათანხმდებიან მისთვის საჭირო შეიარაღების მიწოდებას, მთავარი კითხვა რჩება: ეყოლება თუ არა უკრაინას საკმარისი ხალხი, რომ გამოიყენოს ეს იარაღი?“ - ნათქვამია სტატიაში.





