ტიმურ მინდიჩს დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
მსოფლიო

ტიმურ მინდიჩი
ფოტო: Facebook
უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ „ენერგოატომში“ კორუფციული საქმის ფარგლებში ბიზნესმენ ტიმურ მინდიჩს დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მინდიჩმა უკრაინა მის სახლში ჩატარებულ ჩხრეკამდე ცოტა ხნით ადრე დატოვა, გამოძიება მას ვერ დაუკავშირდა. პროკურორები აცხადებდნენ, რომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემდეგ საქმე შესაძლოა ინტერპოლს გადაეცეს.
უკრაინის სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურა და ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო იძიებენ კორუფციულ სქემას, რომლის ორგანიზატორად ტიმურ მინდიჩს ასახელებენ. გამოძიების ფარგლებში გამოვლინდა მასშტაბური კორუფციული სქემა, რომელიც სახელმწიფო სექტორის სტრატეგიულ საწარმოში, კერძოდ, „ენერგოატომში“ მოქმედებდა.
ამასთან, მინდიჩი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ახლო მეგობარი და სტუდია „კვარტალ 95-ის“ თანამფლობელია.





