იუსტიციის საკითხებში ევროკომისარი: თუ უკრაინას სურს წინსვლა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, მან უნდა მიაღწიოს რეალურ სასამართლო განაჩენებს პოლიტიკასა და ბიზნესში კორუფციის საქმეებზე
მსოფლიო

ფოტო: Reuters
თუ უკრაინას სურს წინსვლა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, მან უნდა მიაღწიოს რეალურ სასამართლო განაჩენებს პოლიტიკასა და ბიზნესში კორუფციის საქმეებზე, - განაცხადა იუსტიციის საკითხებში ევროკომისარმა, მაიკლ მაკგრატმა.
გამოცემა POLITICO-სთან ინტერვიუში მაკგრატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპის მთავრობები არ დაუჭერენ მხარს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუ კიევი ვერ დაამტკიცებს, რომ აქვს მოქმედი სისტემა ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.
მისი თქმით, სასამართლოებისა და ანტიკორუფციული ორგანოების რეფორმა ძირითადი პირობაა ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ყველა ქვეყნისთვის.
ევროკომისარმა აღნიშნა, რომ უკრაინაში რეფორმების პროცესი „გრძელი გზაა“, მაგრამ ამავე დროს გამოთქვა მოსაზრება, რომ კიევი „მაქსიმალურ ძალისხმევას“ ახორციელებს კორუფციასთან საბრძოლველად.
მაიკლ მაკგრატმა ასევე განაცხადა, რომ იგი რეგულარულ კონტაქტშია უკრაინის ხელისუფლებასთან სიტუაციის განვითარების საკითხებზე.
„ყველა კანდიდატ ქვეყანაში უნდა არსებობდეს სანდო სისტემა მაღალ დონეზე სავარაუდო კორუფციის საქმეების განსახილველად. საჭიროა გამოძიების და, საბოლოო ჯამში, სისხლისსამართლებრივი დევნისა და განაჩენის გამოტანის სანდო სისტემა. ამ სფეროში ეფექტური მუშაობის დემონსტრირება არის მოთხოვნა, რომელსაც ჩვენ ვუყენებთ ყველა ჩვენს წევრ სახელმწიფოს და, რა თქმა უნდა, მათ, ვინც ცდილობს შეუერთდეს ევროკავშირს“, - დასძინა მაკგრატმა.





