ზელენსკის ინფორმაციით, კიევის დაბომბვისას აზერბაიჯანის საელჩოს შენობა დაზიანდა
მსოფლიო

ფოტო: Telegram
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ღამით კიევზე განხორციელებული საჰაერო შეტევის დროს აზერბაიჯანის საელჩოს შენობა დაზიანდა.
„სპეციალურად გათვლილი შეტევა იყო, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანებულიყო. მხოლოდ კიევში ათეულობით მრავალსართულიან სახლში ნგრევა მოხდა. „ისკანდერის“ ნამსხვრევებმა აზერბაიჯანის საელჩო დააზიანა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი განცხადებით, რუსეთმა წუხელ უკრაინის მიმართულებით 430 დრონი და 18 ბალისტიკური და აერობალისტიკური რაკეტა გაუშვა.
„დიდი სამუშაო მიმდინარეობს პარტნიორებთან ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის გასაძლიერებლად, მაგრამ ეს საკმარისი არაა. საჭიროა გავძლიერდეთ დამატებითი სისტემებითა და გადამჭერი რაკეტებით. ევროპას და აშშ-ს დახმარების გაწევა შეუძლიათ. რეალური გადაწყვეტილებების იმედი გვაქვს“, - დასძინა ზელენსკიმ.
ის კვლავ მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებს რუსეთს სანქციები დაუწესონ.
„რუსეთი ჯერ კიდევ ყიდის ნავთობს და საკუთარ სქემებს აყალიბებს. ეს ყველაფერი უნდა შეწყდეს“, - თქვა მან.





