AXIOS: ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი გეგმავდა მექსიკაში ისრაელის ელჩის მკვლელობას
მსოფლიო

ფოტო: GettyImages
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC) გეგმავდა მექსიკაში ისრაელის ელჩის, ეინათ კრანც-ნეიგერის მკვლელობას, მაგრამ შეთქმულება გასულ ზაფხულს მექსიკის უსაფრთხოების სამსახურებმა ჩაშალეს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა AXIOS-ი აშშ-ისა და ისრაელის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ეს არის დამატებითი მტკიცებულება იმისა, რომ ირანს აქვს საზღვარგარეთ მასშტაბური ქსელი, რომელიც ამერიკული და ისრაელის სამიზნეების წინააღმდეგ გეგმავს შეთქმულებებს, მათ შორის ლათინურ ამერიკაში.
ეს გეგმა შეიმუშავა იმავე დანაყოფმა, რომელიც, წყაროების ცნობით, ბოლო თვეებში სავარაუდოდ ცდილობდა თავდასხმების განხორციელებას ისრაელის სამიზნეებზე ავსტრალიასა და ევროპაში.
აშშ-ის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ მკვლელობის გეგმა აქტიური იყო 2025 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში, ვიდრე ზაფხულში ის სპეცსამსახურებმა არ აღკვეთეს.





