მანაფორტს 10-მილიონიანი გირაოს სანაცვლოდ ფლორიდაში ცხოვრების უფლება მისცეს
მსოფლიო

პოლ მანაფორტი
ვაშინგტონის სასამართლომ დონალ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს, პოლ მანაფორტს სასამართლომდე რეჟიმი შეუცვალა. თაღლითობაში ბრალდებულს, რომელიც აქამდე შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, ფლორიდაში, საკუთარ სახლში ცხოვრების უფლება მიეცა, თუმცა მას იქაც ექნება შეზღუდვები და ვალდებულია სასამართლოს შეატყობინოს ყველა გადაადგილების შესახებ.
გირაოს სახით მანაფორტმა 10 მილიონი დოლარის ღირებულების ქონება წარმოადგინა.
დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსი პოლ მანაფორტი, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პროკურატურამ 12 ბრალდება წარუდგინა, არცერთს არ აღიარებს. მანაფორტს ფულის გათეთრების მიზნით, ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ შეთქმულებაში ადანაშაულებენ.
სასამართლომ მანაფორტს შინაპატიმრობა 30 ოქტომბერს მიუსაჯა. მას და მის საქმიან პარტნიორს, რიკ გეითსს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 80 და 70 წლამდე პატიმრობა, ასევე ფულადი ჯარიმა ემუქრებათ.
მილიარდერი პოლ მანაფორტი ტრამპის საარჩევნო შტაბს 2016 წლის ივნისიდან აგვისტომდე ხელმძღვანელობდა. ის გუნდიდან მას შემდეგ წავიდა, რაც გაირკვა, რომ უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან მუშაობდა და აშშ-ში უკრაინის „რეგიონების პარტიის“ ინტერესებს ლობირებდა. ის ასევე მუშაობდა რუს მილიარდერ ოლეგ დერიპასკასთან.





