ისრაელი ყველა ქვეყანას მოუწოდებს, საელჩოები იერუსალიმში გადაიტანონ
მსოფლიო

დანი დანონი
გაეროში ისრაელის ელჩმა დანი დანონმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე მოუწოდა ამ ორგანიზაციის წევრ სხვა ქვეყნებს, მიბაძონ აშშ-ს და იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ცნონ.
„ჩვენ მივესალმებით პრეზიდენტ ტრამპის ამ თამამ გადაწყვეტილებას. მე მოვუწოდებ ყველა ქვეყანას და ყველა ერს, ვისაც მშვიდობა უნდა, შეუერთდეს ჩვენს ამერიკელ მეგობრებს, იერუსალიმი ისრაელის კუთვნილებად აღიარონ და საელჩოები ჩვენს დედაქალაქში გადაიტანონ,“- განაცხადა დანონმა.
მან ასევე განაცხადა, რომ პალესტინამ არა ძალადობაზე და საომარ მოქმედებებზე, არამედ მეზობლებთან სამშვიდობო მოლაპარაკებაზე უნდა იფიქროს.
გაეროს უშიშროების საბჭომ საგანგებო სხდომა გამართა, რომელზეც აშშ-ის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებას მხარი არ დაუჭირეს. ტრამპის გადაწყვეტილებას უშიშროების საბჭოს 14 წევრიდან არცერთი არ დაეთანხმა. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ს ვეტოს უფლება აქვს. გაეროს სხდომაზე რეზოლუცია ან ერთობლივი განცხადება არ მიუღიათ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 7 დეკემბერს გააკეთა განცხადება, რომ ოფიციალური თბილისი აკვირდება მოვლენების შემდგომ განვითარებებს და ამ საკითხზე კონსულტაციებს გააგრძელებს. საქართველოს საელჩო ისრაელში თელ-ავივშია განთავსებული.
6 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარებს. ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ისრაელში აშშ-ის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაინაცვლებს.
ტრამპის გადაწყვეტილებას ღაზის სექტორში საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომლის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და ათასზე მეტი დაშავდა. რადიკალური გაერთიანება „ჰამასი“, რომელსაც ისრაელი და აშშ ტერორისტულ ორგანიზაციად აცხადებენ, ისრაელს ომით დაემუქრა.





