უკრაინის პროკურატურამ სააკაშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი გამოქვეყნა
მსოფლიო
უკრაიანის გენერალურმა პროკურატურამ აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც უწყების მტკიცებით, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი და ბიზნესმენი სერგეი კურჩენკო საუბრობენ.
პროკურატურის მტკიცებით, სწორედ მან გადაუხადა სააკაშვილს ხელისუფლების დამხობის მიზნით ქუჩის აქციების ორგანიზებისთვის 500 000 დოლარი.
უწყების მტკიცებით, საუბარი ჩაწერილია მიმდინარე წლის 20 ნოემბერს. აუდიოჩანაწერში კურჩენკო ამბობს, რომ მას უკრაინაში ბიზნეს-ინტერესები, ხოლო რუსეთში "სხვადასხვა კაბინეტებში შესვლის" შესაძლებლობები აქვს. ამის შემდეგ ბიზესმენი ამბობს, რომ სააკაშვილმა მასთან თავისი წარმომადგენელი უნდა გააგზავნოს.
კურჩენკოსა და სააკაშვილის საუბარის 30-წუთიან ჩანაწერს წინ უძღვის სხვა საუბრების აუდიო და ვიდეოჩანაწრები. მათ შორისაა, სავარაუდოდ, სააკაშვილის მოკავშირის სევერიან დონღაძის და კურჩენკოს წარმომადგენლის საუბარი.
ვიდეოჩანაწერში კი "კურიერი" დონღაძეს ფულს გადასცემს. პროკურატურის ჩანაწერებს სააკაშვილი უკვე გამოეხმაურა და ფაბრიკაცია უწოდა. მან განაცხადა, რომ კურჩენკოს საერთოდ არ იცნობს და წესიერად არც იცის ვინ არის.
ცოტა ხნის წინ უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ოდესის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილზე ძებნა გამოაცხადა.
მიხეილ სააკაშვილი კიევში დღეს დააკავეს, თუმცა მხარდამჭერებმა ის მიკროავტობუსიდან დაიხსნეს. ბორკილდადებული ოდესის ყოფილი გუბერნატორი ხალხის წინაშე სიტყვით გამოვიდა. მან გენერალური პროკურორის ბრალდებას ტყუილი უწოდა და მხარდამჭერებს მაიდანზე მშვიდობიანი აქციის გამართვისკენ მოუწოდა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე აცხადებენ, რომ სააკაშვილს დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან თანამშრომლობასა და მათი საქმიანობის დაფარვაში ედება ბრალი. პროკურატურა მას ხელისუფლების დამხობის მცდელობაში ადანაშაულებს.
სააკაშვილისთვის წარდგენილი მუხლი სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.





