ევროპის ქვეყნების შემდეგ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებული ქოლ-ცენტრები რუსეთშიც აღმოაჩინეს
მსოფლიო

დავით კეზერაშვილი
ფოტო: ვიდეოკადრი
რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრთან დავით კეზერაშვილთან დაკავშირებული ქოლ-ცენტრები დახურა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათი მტკიცებით, უკანონ ქოლ-ცენტრების საქმიანობის შედეგად 50-ზე მეტ ქვეყანაში 100 ათასი ადამიანი დაზარალდა. რუსეთში განთავსებული ქოლ-ცენტრების დღიური შემოსავალი 1 მილიონ დოლარს შეადგენდა.
„უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის და კომპანია „მილტონ-გრუპის“ დამფუძნებლის, დღესდღეობით დიდ ბრიტანეთში მცხოვრები დავით კეზერაშვილის ინტერესებში მომუშავე ქოლ-ცენტრების საერთაშორისო ქსელის უკანონ საქმიანობა აღკვეთა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ქოლ-ცენტრების საქმიანობის შედეგად დაზარალდნენ ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, ბრაზილიის, ინდოეთის, იაპონიის და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.
უშუალოდ რუსეთში ქოლ-ცენტრების ხელმძღვანელები ისრაელისა და უკრაინის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ვინმე კესელმანი და ისრაელისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე ვინმე ტოდვა იყვნენ. კესელმანი დაკავებულია, ხოლო ტოდვაზე ძებნაა გამოცხადებული. საერთო ჯამში რუსეთში ქოლ-ცენტრების საქმეზე 11 ადამიანია დაკავებული.
ცნობისთვის, კეზერაშვილთან დაკავშირებული ქოლ-ცენტრების საქმე ტრანსნაციონალურ დანაშაულად ითვლება, და მას მრავალი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს საგამოძიებო უწყებები იძიებენ. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა თაღლითური ქოლ-ცენტრების არაოფიციალურ მეწილეებსა და ფაქტობრივ მფლობელებზე: დავით თოდუასა და ელდარ ბინიაშვილზე. თოდუა 2023 წლის BBC-ს სკანდალურ ჟურნალისტურ გამოძიებაშიც ფიგურირებდა, როგორც კიევის ერთ-ერთი უდიდესი ქოლ-ცენტრის ხელმძღვანელი და კეზერაშვილის პარტნიორი, ბინიაშვილი კი კეზერაშვილის ნათესავია.





