ბრიტანეთის პარლამენტში სექსუალური შევიწროების შემსწავლელი კომისია შეიქმნება
მსოფლიო

ტერეზა მეი
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერესა მეიმ, პარლამენტის პარტიების ყველა ლიდერს შემდეგ კვირას შეხვედრა და სექს-სკანდალის შესახებ დისკუსია შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაციას Telegraph-ი ავრცელებს.
გასულ კვირას, პარლამენტარმა ანდრეა ლიდსომმა განაცხადა, რომ შეიქმნება სპეციალური დამოუკიდებელი კომისია, რომელსაც პარლამენტის თანამშრომლები მიმართავენ, იმ შემთხვევაში, თუ უფროსობისგან ან კოლეგებისგან სექსუალურ შევიწროებას იგრძნობენ.
ეს გადაწყეტილება მიიღეს მას შემდეგ, რაც მედიამ გაავრცელა დეპუტატების 36-კაციანი სია, რომელიც საკუთარ თავს თანამშრომლების მიმართ, უხამსი კომენტარების ან სექსუალური შევიწროების უფლებას აძლევენ.
ერთ-ერთი პარლამენტარი, საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრის მოადგილე მარკ გარნიეა, რომელმაც აღიარა, რომ მდივანს სექს-შოპში სათამაშოს ყიდვა სთხოვა.
ბოლო კვირების განმავლობაში, სექს-სკანდალი არამხოლოდ ხელოვნებაში, არამედ პოლიტიკაშიც წამოიჭრა. 24 ოქტომბერს, საფრანგეთის პარლამენტარის ყოფილმა თანაშემწემ მარინ ტონდელიემ ფრანგულ მედიას შავი სიის არსებობის შესახებ უამბო, რომელშიც ფიგურირებენ სექსუალური შევიწროებისკენ მიდრეკილი აპარატის თანამშრომლები და დეპუტატი კაცები.
18 ოქტომბერს, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგო ვალსტრემმა მედიასთან სექსუალური შევიწროების შემთხვევებზე ისაუბრა, რომელიც პოლიტიკაში ხდება. "მე თვითონ აღმოვჩნდი მსგავსი ფაქტების წინაშე", - განაცხადა პოლიტიკოსმა.
შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ამით მხარი დაუჭირა კამპანიას #metoo, რომელიც მსახიობმა ალისა მილანომ წამოიწყო.
კამპანია ამერიკელი პროდუსერის ჰარვი ვაინშტეინის ირგვლივ აგორებულ სექს-სკანდალს მოჰყვა.





