ევროკომისია: ჩვენ ვგმობთ ძალადობის გამოყენებას ტირანასა და ალბანეთის სხვა ქალაქებში, კერძოდ ცეცხლის წაკიდების ფაქტებს, თავდასხმებს სახელმწიფო დაწესებულებებზე და სახელმწიფო თუ კერძო საკუთრების განადგურებას
მსოფლიო

ფოტო: AFP
ევროკომისიაში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დროს ტირანასა და ალბანეთის სხვა ქალაქებში ძალადობის გამოყენება დაგმეს. კომისიაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ დამნაშავეები კანონით დადგენილი წესით პასუხისგებაში უნდა მიეცნენ.
„ჩვენ ვგმობთ ძალადობის გამოყენებას ტირანასა და ალბანეთის სხვა ქალაქებში, კერძოდ ცეცხლის წაკიდების ფაქტებს, თავდასხმებს სახელმწიფო დაწესებულებებზე და სახელმწიფო თუ კერძო საკუთრების განადგურებას. ძალადობას ადგილი არ აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო მასზე რეაგირება კანონის ფარგლებში უნდა დარჩეს და თანაზომიერი იყოს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ევროკომისიაში აღნიშნავენ, რომ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება ფუნდამენტური უფლებები და ძირითადი ევროპული ღირებულებებია, რომლებსაც პატივი უნდა ეცეს, თუმცა მათი განხორციელება მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს.
„მივესალმებით ალბანეთის ხელისუფლების ვალდებულებას პროტესტის უფლების დაცვის შესახებ. კანდიდატ ქვეყანაში, რომელიც მტკიცედ არის ერთგული ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისა და ამ გზაზე მნიშვნელოვან პროგრესს აღწევს, დავების მოგვარება კონსტრუქციული დიალოგითა და მშვიდობიანი გზით უნდა ხდებოდეს“, - დასძინეს ინსტიტუციაში.
ივნისიდან ალბანეთში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიძესთან დაკავშირებული კომპანიის მიერ ადრიატიკის სანაპიროს განაშენიანების გეგმას აპროტესტებენ. შემდეგ ქვეყანა მოიცვა სტუდენტურმა პროტესტმა კორუფციის წინააღმდეგ, დემონსტრანტები ასევე განათლების რეფორმას ითხოვენ.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ განაცხადა, რომ სულ უფრო მასშტაბური ქუჩის პროტესტი საფრთხეს უქმნის არა მის მთავრობას, არამედ ალბანეთის პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.





