ავსტრალიაში ქალი ყოფილი ქმრის ოჯახის წევრების მოწამვლის ბრალდებით დააკავეს
მსოფლიო

ერინ პატერსონი და სადილის შემდეგ გარდაცვლილები
ფოტო: X
ავსტრალიაში ქალი ყოფილი ქმრის მშობლების, დეიდისა და ბიძის მოწამვლის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა ქალაქ ლეონგატაში, ივლისში მოხდა. ერინ პატერსონმა ყოფილი ნათესავები სადილზე დაპატიჟა და ხორცის ღვეზელით გაუმასპინძლდა, რომელშიც მაღაზიაში ნაყიდი სოკოს მიქსიც იყო გამოყენებული. ამის შემდეგ ოთხივე სტუმარი ცუდად გახდა, 3 მათგანი (პატერსონის ყოფილი დედამთილ-მამამთილი და დედამთილის და) გარდაიცვალა, პატერსონის ყოფილი დედამთილის დის მეუღლე კი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს და ორ თვეში გაწერეს.
49 წლის პატერსონი ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა.
„განადგურებული ვარ იმის გაფიქრებით, რომ მაგიდაზე დავდგი სოკო, რომელმაც ჩემი საყვარელი ადამიანების ტანჯვა გამოიწვია. მინდა გავიმეორო, რომ ამ ადამიანებისთვის ტკივილის მიყენების არანაირი მიზეზი არ მქონდა“, - განაცხადა პატერსონმა აგვისტოში გამოქვეყნებულ განცხადებაში.





