უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური სააკაშვილის ჩასვლის გამო მოქალაქეებს აფრთხილებს
მსოფლიო

მიხეილ სააკაშვილი
პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე „კრაკოვეცის“ გამშვებ პუნქტზე 10 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილის მისვლასთან დაკავშირებით უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
"მგზავრების საყურადღებოდ: „კრაკოვეცის“ გამშვებ პუნქტთან მასობრივი შეკრებების შესაძლო ჩატარებასთან დაკავშირებით 9-12 სექტემბრის პერიოდის განმავლობაში უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური გირჩევთ მარშრუტის სხვა გზები აირჩიოთ, რათა თავიდან აიცილოთ დისკომფორტი“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობილია ისიც, რომ „კრაკოვეცის“ გამშვებ პუნქტზე მესაზღვრეების განაწესი, პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, გააძლიერეს.
5 სექტემბერს უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე პეტუხოვმა განაცხადა, რომ საქართველომ უკრაინას მიმართა სააკაშვილის ძებნასთან, დაპატიმრებასა და ექსტრადირებასთან დაკავშირებით. 7 სექტემბერს კი თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტრომ კიევში დამატებითი დოკუმენტაცია გადაგზავნა. როგორც წულუკიანმა განმარტა, ქართულ მხარეს შესაბამისი წერილით უკრაინამ მიმართა და დაინტერესდა, რჩებოდა თუ არა ძალაში მოთხოვნა ექსპრეზიდენტის ექსტრადირების შესახებ.
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლონეთიდან უკრაინაში ჩასვლას 10 სექტემბერს აპირებს და მას აეროპორტში უკრაინის მთელი ოპოზიციური სპექტრი დახვდება, მათ შორის იქნება იულია ტიმოშენკოც.
უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს 26 ივლისს უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვა. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის 29 მაისს, უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების შემდეგ მიიღო, რის გამოც რამდენიმე თვეში დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა.





